ლავროვი განმარტავს, თუ როგორი უკრაინის ხილვა სურს რუსეთს
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი განმარტავს, როგორი უკრაინის ხილვა სურს რუსეთს.
როგორც მან უკრაინელ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ პრესკონფერენციაზე განაცხადა, მოსკოვს არ სურს უკრაინის მილიტარიზაცია, მაგრამ სურს, ის იხილოს მეგობარ ქვეყნად, რუსული ენისა და რუსული კულტურის აკრძალვის გარეშე.
ლავროვი კვლავ ამტკიცებს, რომ სამხედრო თვალსაზრისით უკრაინის გაძლიერება რუსეთისთვის საფრთხეს წარმოადგენს.
„ჩვენ არ გვინდა უკრაინის მილიტარიზაცია, იქნება ეს ნატო-ში თუ ნატო-ს გარეშე, რადგან ნატო-ს გარეშეც შესაძლებელია იქ ისეთი სისტემების განთავსება, რომლებიც ჩვენს ქვეყანას საფრთხეს შეუქმნის”, – განაცხადა ლავროვმა.
რუსეთისა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის შეხვედრა ანტალიაში დღეს გაიმართა. თურქული მედიის ცნობით, შეხვედრა ნახევარ საათსაც არ გაგრძელდა.
აღსანიშნავია, რომ ეს არის პირველი შეხვედრა რუსეთისა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის შემდეგ.