თინა ხიდაშელს ავტომობილების სანომრე ნიშნების შეცვლის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება არ მოსწონს
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი თინა ხიდაშელი ავტომობილების სანომრე ნიშნების შეცვლის თაობაზე მიღებულ გადაწყვეტილებას აკრიტიკებს. დეპუტატის აზრით, აღნიშნული გადაწყვეტილებით მოსახლეობა დამატებითი ხარჯების წინაშე დგება, რისი აუცილებლობაც არ არსებობს.
“საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ” კანონში დაგეგმილი ცვლილებით ახალი
დიზაინის სანომრე ნიშნების საფასურები განისაზღვრება. “შენიშვნა მაქვს არა ერთ რომელიმე პუნქტთან, არამედ თვითონ იდეასთან. მე დღეს ვერ ვხედავ ცვლილებების მიღების მიზანშეწონილობას. მთავარი არგუმენტი ის არის, რომ მოქალაქეებს რეალურ ცხოვრებაში დამატებით 70 ლარის გადასახადი ეკისრებათ – ეს არის სანომრე ნიშნის 35 ლარი და ტექნიკური პასპორტის ხარჯი, რაც ასევე ფასიანია და ავტომატურად იწვევს გამოცვლას. 2020 წლამდე დაახლოებით 70 მილიონი უნდა მივიდეს არასაბიუჯეტო იურიდიული პირის ანგარიშზე და ეს მოსახლეობიდან უნდა იყოს ამოღებული. სრულიად გაუგებარია, რატომ ვაკეთებთ დღეს ამას?! ევროკავშირთან საქართველოს დაახლოების კვალობაზე სულ უფრო და უფრო მაღალი შანსია, რომ 2020 წლამდე კიდევ ერთხელ მოგვიწიოს სანომრე ნიშნის გამოცვლა. კანონპროექტი, რომლითაც კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ მოსახლეობამ ჯამურად არასაბიუჯეტო იურიდიული პირის ანგარიშზე 70 მილიონი ლარი უნდა გადაიხადოს, ფინანსურად დაუსაბუთებელია. ამის საჭიროება დღეს არ არსებობს”, – განაცხადა ხიდაშელმა პარლამენტის დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე.