დავით სერგეენკო: ომი, რომელიც ახლა უკრაინაშია, მომავალში ბევრ რამეს შეცვლის და ბევრი რამ უკვე შეცვალა
“ომი, რომელიც ახლა უკრაინაში მიმდინარეობს, მომავალში ბევრ რამეს შეცვლის და ბევრი რამ უკვე შეცვალა, მათ შორისაა ევროპის ქვეყნების დამოკიდებულება”, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცესპიკერმა, დავით სერგეენკომ განაცხადა.
მისივე თქმით, ევროპის ქვეყნებმა ცალსახად განაცხადეს, რომ 2008 წელს საქართველოში რუსეთის აგრესიის შეჩერება უფრო მეტად რომ ყოფილიყო მხარდაჭერილი, შეიძლება, ის არ მომხდარიყო, რაც ახლა ხდება.
“ომი, რომელიც ახლა უკრაინაში მიდის, მომავალში ბევრ რამეს შეცვლის და ბევრი რამ უკვე შეცვალა, მათ შორისაა ევროპის ქვეყნების დამოკიდებულება, რომელთაც ცალსახად განაცხადეს, რომ 2008 წელს საქართველოში რუსეთის აგრესიის შეჩერება უფრო მეტად რომ ყოფილიყო მხარდაჭერილი, შეიძლება ის არ მომხდარიყო, რაც ახლა ხდება. ასეულობით მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, ორ მილიონზე მეტი ადამიანი იძულებული გახდა, ქვეყანა დაეტოვებინათ და სიცოცხლე გადაერჩინა. იმდენად წარმოუდგენელია რაც ხდება, რომ რაღაც რაციონალურის დანახვა მიჭირს. რაიმე რაციონალურის თქმა გამიჭირდება, რადგან ჩემში ემოციები ჭარბობს. უკრაინის ყველა მოქალაქე, ვინც საქართველოშია, მათ მიმართ ჰუმანიტარული თვალსაზრისით დახმარება იქნება“, – განაცხადა სერგეენკომ.