შს მინისტრის, ვახტანგ გომელაურის განცხადებით, ადამიანები, რომლებმაც სამართალდამცავებს მთავრობის ადმინისტრაციასთან ფქვილი შეაყარეს და „კეტჩუპი“ შეასხეს, მკაცრად დაისჯებიან.
„ეს არის ძალიან ცუდი შემთხვევა, სამწუხაროდ. ეს არის მიუღებელი. მინდა, მადლობა გადავუხადო ყველა პოლიციელს, რომლებიც ვაჟკაცურად დგანან და ითმენენ. ისინი 3-4 დღე გარეთ არიან იმისთვის, რომ ჩვენი და ჩვენი ოჯახების უსაფრთხოება დაიცვან. ისინი დგანან იქ და უკაცრავად, მაგრამ ტუალეტის ქაღალდებს და ფქვილს აყრიან და „კეტჩუპს“ ასხამენ თავზე. ეს არის ყოვლად მიუღებელი. არც ვიცი, ამას რა დავარქვა. ეს არის ძალიან არანორმალური საქციელი. ეს ადამიანები უნდა დაისაჯონ და დაისჯებიან მკაცრად. ყოველთვის ასე იქნება და ამას არასდროს ვაპატიებთ“, – განაცხადა გომელაურმა.
ცნობისთვის, 2 დღის წინ მთავრობის ადმინისტრაციასთან საპროტესტო აქციის მონაწილეებმა პოლიციას ფქვილი შეაყარეს, რასაც დაპირისპირება მოჰყვა. დააკავეს აქციის რამდენიმე მონაწილე. აქციის მონაწილეები პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომას ითხოვდნენ.