„მამულო! – შენი მეაკვნე და მარად – შენი ტყვე“ – დღეს იზა ჯაჭვაძეს 77 წელი შეუსრულდებოდა
პოეტი და ჟურნალისტი იზა ჯაჭვაძე იმდენად იყო შეყვარებული ადამიანებსა და სიცოცხლეზე, მეგონა საუკუნეს გაუსწორებდა თვალს და ასი წლისაც გაუმაძღარი დარჩებოდა ამ სიყვარულით. მან კი შარშან, წლის უკანასკნელ დღეს დაგვტოვა და მარადიულ საქართველოში გადაინაცვლა. დღეს მისი დაბადების დღეა. 77 წლის დღეობა უნდა მიგველოცა.
იზა ჯაჭვაძეზე წარსულ დროში საუბარი ძალიან მიჭირს, რადგან ის მუდამ შემართებას, ხალისს და მხნეობას ამკვიდრებდა თავისი ამქვეყნიური ყოფნით. მან ბრწყინვალე ლექსები დატოვა თავის სახსოვრად, მის ნაყოფიერ პუბლიცისტურ ნაწერებში კი მუდამ შეიცნობა სამშობლოზე, ადამიანებზე მოფიქრალი და გულატკიებული პიროვნება. მან მართლაც უთვალავი სიკეთე ამრავლა თავისი ყოფნით დედამიწაზე. მას გააჩნდა მეგობრობის სასწაულებრივი ნიჭი, მათი მხარში ამოდგომა, სიხარულის თუ ჭირის გაზიარება უზენაეს ვალად მიაჩნდა. თუნდაც ეს ერთი ლექსი, რომელსაც ჰქვია:„შენი ღიმილის მზე”, ცხადად აცნაურებს მის სულიერ სიმდიდრეს და გულმზიანობას:
„მე არ ვეკუთვნი ჩემს თავს,
მე არ ვეკუთვნი სხვებს…
გადავეხვევი ზვარს,
გადავეხვევი ძნებს,
ხალიჩად გავშლი მთებს,
მტრად გავუხდები მტერს,
და მე ვიქნები მუდამ
შენი ღიმილის მზე –
მამულო! – შენი მეაკვნე
და მარად – შენი ტყვე“…
იზას მთელი ცხოვრება ერთი ლამაზი გაელვებაა, რისთვისაც ღირდა ამქვეყნად მოსვლა, კვალი, რომელიც მან გაავლო, სიკეთედ ლივლივებს და წუთისოფელს ამშვენიერებს. ნამდვილად ღირებულია იზა ჯაჭვაძის სიცოცხლე, რომელმაც ჩვენი დროის ყველაზე ნათელ და ალალ ხელოვანს, გენიალურ გოდერძი ჩოხელს ასეთი რამ ათქმევინა:
„ჩემო იზა!
შენ ხარ პეპელა… რა ვიცი, მე ასე გხედავ. ხარ ცისფერი პეპელა და დაფრინავ, დაფუსფუსებ. ადამიანებს, როგორც ყვავილებს, ისე ირჩევ, შეარჩევ ლამაზ ადამიანს და სიხარულით დაჰფარფატებ თავს… მოუსვენარი პეპელა ხარ, თითქოს სუსტი ჩანხარ, მაგრამ ისეთი ძლიერი ხარ, თუ საჭირო გახდა, მთას გადასდგამ და ამას სიყვარულით აკეთებ, სიყვარული გმატებს ძალას, სიყვარული დაგაფრენს ჩვენს შორის პეპელასავით… იფრინე, ჩემო იზა, იფრინე, რაც შეიძლება ბევრი იფრინე და ამ მოდუნებულ ადამიანებს აგრძნობინე, რომ საჭიროა ფრენა!!!”
გიორგი ლალიაშვილი ლონდონიდან