“ჰააგის სასამართლოს რუსეთის პოლიტიკური და სამხედრო ლიდერების წინააღმდეგ ორდერის მიღებაში საქართველოში ომის დანაშაულების მტკიცებულებებიც დაეხმარება”,- ამის შესახებ ინფორმაციას “ახალგაზრდა ადვოკატები ავრცელებს.
“რუსეთ-უკრაინის, ისევე, როგორც რუსეთ-საქართველოს 2008 წლის საბრძოლო მოქმედებების დროს, რუსეთის მხრიდან ომის დანაშაულის მკაფიო ფაქტები იკვეთება, რაც ერთობლიობაში, საკმარისი მტკიცებულებებია ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ (ICC) აქტიური მოქმედებები განახორციელოს და რუსეთის ფედერაციის სამხედრო და პოლიტიკური ლიდერების მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა გამოაცხადოს. აღნიშნულის შესახებ სამართლებრივ განმარტებას ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ იურისტი, კალე ურიდია აკეთებს.
საქართველოსა და უკრაინის მსგავსი ქვეყნებისათვის საერთაშორისო სამართლებრივი მექანიზმები სამართლიანობის ძიების გზაზე უკანასკნელი იმედია. საერთაშორისო სამართლის მექანიზმებს განეკუთვნება ჰააგაში მდებარე საერთაშორისო სამართლის სასამართლო (ICJ), რომელიც განიხილავს სახელმწიფოთა შორის დავას და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო (ICC), რომელიც სახელმწიფოს წარმომადგენელი, მაღალი რანგის თანამდებობის პირების პასუხისმგებლობის საკითხზე მსჯელობს. უკრაინაში რუსეთის ინტერვენციისა და განვითარებული მოვლენების შესაბამისად, ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში (ICC) უკვე დაიწყო გამოძიება სავარაუდო ომის დანაშაულის ან კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულზე, რომლის ფარგლებშიც, რუსეთის მოქმედი პრეზიდენტის, რუსეთის სხვა მაღალი პოლიტიკური და სამხედრო პირების მართლმსაჯულების წინაშე წარდგენა საქართველოში, 2008 წელს ჩადენილი სავარაუდო ომის დანაშაულზე არსებულ საგამოძიებო მასალებზე დაყრდნობითაც შესაძლებელია. კალე ურიდიას განცხადებით, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო (ICC) არის ორგანო, რომელიც მსოფლიო მასშტაბით იძიებს ყველაზე მძიმე ხასიათის დანაშაულებს, როგორიცაა: გენოციდი, ადამიანურობის წინააღმდეგ დანაშაული, ომის დანაშაული და აგრესიის დანაშაული. სასამართლო 2002 წლიდან ფუნქციონირებს და მისი წევრი 123 სახელმწიფოა. როგორც ცნობილია, რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომის ფარგლებში, პროკურორის ოფისი იძიებს სასამართლოს იურისდიქციაში შემავალ ორი ტიპის დანაშაულებს: ადამიანურობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულსა და ომის დანაშაულს. სწორედ ანალოგიური საფუძვლით დაიწყო გამოძიება უკრაინის შემთხვევაშიც. რუსეთს, უახლესი ცნობებით, ბრალი ედება ბავშვთა სახლისა და საბავშვო ბაღის დაბომბვაში, ასევე, ვაკუუმ ბომბების გამოყენებაში.
კალე ურიდია განმარტავს, რომ საქართველოს შემთხვევაში, იმისათვის, რომ საგამოძიებო მოქმედებები ჩატარებულიყო და მტკიცებულებები მოეძიათ, რაც საქმის დასაშვებობის მნიშვნელოვანი წინაპირობაა, 8 წელი აღმოჩნდა საკმარისი. შესაბამისად, 2016 წლის იანვრიდან, პროკურორის მიმართვის საფუძველზე, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ დაიწყო გამოძიება. რაც შეეხება უკრაინის მაგალითს, განსახილველ შემთხვევაში, დიდი ბრიტანეთის ხელმძღვანელობით, მსოფლიოს 38-მა ქვეყანამ, მათ შორის, საქართველომ მიმართა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გამოძიების დაწყების მოთხოვნით, რამაც კანონით განსაზღვრული პროცედურები, დროში დააჩქარა – სასამართლომ მყისიერად დაიწყო გამოძიება. ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში (ICC) ექვსი წელია, რაც საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის სამხედრო ინტერვენციის საქმის შესწავლა მიმდინარეობს, სადაც იკვეთება ომისა და კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის არსებობა. ჰააგის სასამართლოს რუსეთის პოლიტიკური და სამხედრო ლიდერების წინააღმდეგ ორდერის მიღებაში საქართველოში ომის დანაშაულების მტკიცებულებებიც დაეხმარება. საჭიროა პრინციპული ნება, საქმის გამომძიებელმა პროკურორმა 2008 წლის აგვისტოს ომის დანაშაულზე შეგროვებული მტკიცებულებები რელევანტურად ჩათვალოს და მიიღოს ომის დამნაშავე პირების მიმართ დაპატიმრების გადაწყვეტილებები. ბრალის წაყენების შემთხვევაში, რუსეთის პოლიტიკური და სამხედრო ლიდერების დაპატიმრება მოხდება ნებისმიერ იმ სახელმწიფოში, რომელიც აღიარებს სასამართლოს იურისდიქციას. დაკავების ორდერის გამოცემის მოთხოვნა რეალურია, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთმა ICC-ს იურისდიქცია 2016 წელს დატოვა, რა დროსაც, სასამართლომ რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიას ოკუპაცია უწოდა. განსახილველ შემთხვევაში, „აგრესიის დანაშაულის“ ჩადენის დამტკიცება უფრო ხელშესახები იქნებოდა, თუმცა რუსეთი სასამართლოს იურისდიქციას აღარ აღიარებს, აგრესიის დანაშაულის ჭრილში, რუსეთის ტერიტორიაზე სისხლის სამართლებრივი დევნა შეუძლებელი ხდება. სამართლებრივი რეალობის მიუხედავად, ეს არ აფერხებს ჰააგის სასამართლოს კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულისა თუ ომის დანაშაულში მონაწილე პირებს ბრალი წაუყენოს, იმის მიუხედავად, რუსეთი აღიარებს თუ არა სასამართლოს იურისდიქციას”,- ნათქვამია ინფორმაციაში.
ახალგაზრდა ადვოკატები, რუსეთი,