აშშ გადაუდებელი ბირთვული დახმარების ჯგუფს ააქტიურებს
აშშ გადაუდებელი ბირთვული დახმარების ჯგუფს (NEST) მზადყოფნაში მოიყვანს. აღნიშნული გადაწყვეტილება აშშ-ის ენერგეტიკის მდივანმა, ჯენიფერ გრანჰოლმმა უკრაინელ კოლეგასთან კონსულტაციის შემდეგ მიიღო.
NEST არის მეცნიერთა, ტექნიკოსთა და ინჟინრების ჯგუფი, რომლის მისიაა რაც შეიძლება სწრაფად მოახდინოს რეაგირება ნებისმიერი ტიპის რადიოლოგიურ საფრთხეზე, მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში.
”რუსეთის სამხედრო ოპერაცია რეაქტორის უშუალო სიახლოვეს არის სრული დაუფიქრებლობა და დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს”, – ასე გამოეხმაურა აშშ-ის ენერგეტიკის მდივანი რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის დაბომბვას.
მან ასევე აღნიშნა, რომ ქარხნის რეაქტორები მყარი სტრუქტურებით არის დაცული და რადიაციის ამაღლებული დონე არ აღინიშნება.