„ვიკითხე, თუ როგორ შეეძლოთ რუსებს საქართველოში შემოსვლა“ – რუსეთის მოქალაქე ქართველებს მიმართავს

რეკლამისა და მარკეტინგის სპეციალისტი, რუსეთის მოქალაქე, ნიკოლაი ლევშიცი, რომელიც 2019 წლიდან საქართველოში ცხოვრობს და ჩვენი ქვეყნიდან ტელეგრამის ერთ-ერთ მსხვილ არხს რუსულ ენაზე მართავს, სოციალურ ქსელში ბოლო პერიოდის მოვლენებს ეხმაურება. ის ამბობს, რომ უკრაინასთან მიმართებით კრემლის პოლიტიკას კატეგორიულად ემიჯნება და ამ პოზიციას წლებია, ღიად აფიქსირებს. ლევშიცი თავის ბლოგში ხშირად წერს საქართველოს შესახებ, მისი ღირსშესანიშნაობების, პოლიტიკურ, ბიზნეს თუ კულტურის სიახლეებზე, აშუქებს ჩვენი ქვეყნის რეგიონებს და ამბობს, რომ საოცრად უყვარს აქაურობა.

რუსეთის მოქალაქე სოციალურ ქსელში ყვება, რომ ბოლო დღეების განმავლობაში ქართველებისგან ძალიან ბევრი ლანძღვა და ბრალდება მოისმინა, რის გამოც წუხილს გამოთქვამს. ლევშიცის თქმით, მან თავის არხზე იკითხა, თუ როგორ შეეძლოთ რუსეთის მოქალაქეებს საქართველოში ჩამოსვლა, რასაც მის მიმართ შეურაცხმყოფელი რეპლიკები და სალანძღავი კომენტარები მოჰყვა.
რუსეთის მოქალაქემ “ფეისბუქ”-ზე სტატუსის გამოქვეყნება სწორედ ამიტომ გადაწყვიტა და ქართველებს მიმართა:

„ამ სტატუს-შეტყობინებას რამდენიმე, ფაქტობრივად, უძილო ღამის შემდეგ ვწერ. ერთ-ერთ ქართულ ჯგუფში დამიწერეს, თითქოს, მე რუსეთის ხელისუფლების ქმედებების „თანამზრახველი“ ვარ, ეს იმიტომ, რომ არხზე ვიკითხე, თუ როგორ შეეძლოთ რუსეთის მოქალაქეებს საქართველოში შემოსვლა (ქვეყანაში შემოსვლის წესის შესახებ ვიკითხე). ვცდილობდი, პასუხები გამეცა ჩემი იმ თანამოქალაქეებისთვის, რომლებსაც პუტინის რეჟიმისგან თავის დაღწევა სურთ. ჩემთვის ეს მტკივნეულიც არის და უსიამოვნოც, რადგან ჩემ მიერ გამოქვეყნებული ბმულის კომენტარებში შეურაცხყოფის ნაკადი წამოვიდა, რაც საათობრივად იზრდება…
მინდა, არ დაიზაროთ და ეს ტექსტი რუსულ ენაზე ბოლომდე წაიკითხოთ (სამწუხაროდ, ქართული ენა ჯერ კარგად არ ვიცი), მე პუტინს მკვლელად და დამნაშავედ მივიჩნევ.
ვეხმარები უკრაინას და ძალიან მინდა, რომ ომი მალე დასრულდეს. ასევე, ძალიან მინდა, რომ საქართველომ რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიები დაიბრუნოს.

მე ძალიან ბევრი ქართველი მეგობარი მყავს და ვიმედოვნებ, რომ ეს გაუგებრობა მალე დასრულდება. მესმის, რომ ახლა ყველა დაძაბულია და ნერვიულობს.

არა ომს! არა საქართველოს ოკუპაციას!“, – წერს რუსეთის მოქალაქე.

აღსანიშნავია, რომ ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ლევშიცმა თავის გვერდზე არაერთი ფოტომასალა გამოაქვეყნა, სადაც ის ქართველებთან ერთად, საქართველოს პარლამენტის შენობასთან უკრაინის მოვლენებს აპროტესტებდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები