კახა კალაძე: თბილისის მერია მზად არის, უკრაინელი ლტოლვილები შეიფაროს

თბილისმა, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე სოლიდარული ქალაქია, გამოთქვა მზაობა, შეიფაროს უკრაინის მოქალაქეები და დაეხმაროს იმ ტკივილის გადატანაში, რასაც დღეს ისინი განიცდიან, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

მისი თქმით, თბილისში იქნება რამდენიმე ადგილი, სადაც უკრაინის დასახმარებლად მოქალაქეებს პროდუქტების მიტანა შეეძლებათ.

“უკრაინისთვის ძნელბედობის ჟამს ჩვენ, ყველა ერთიანი ძალებით ვაგრძელებთ უკრაინელი ხალხის მხარდაჭერას და სოლიდარობას. ქართველებს ნამდვილად არ გვესწავლება თანადგომა და დახმარება გაჭირვებაში მყოფი მეგობრების მიმართ. ჩვენი სახელმწიფო ომის დაწყების პირველივე დღეებიდან უწევს დახმარებას საქართველოში დარჩენილ უკრაინის მოქალაქეებს. უკრაინაში ასევე გაიგზავნა ჰუმანიტარული ტვირთი და, რა თქმა უნდა, კვლავ გაგრძელდება ჰუმანიტარული დახმარების მობილიზება მთელი ქვეყნის მასშტაბით.
მე მინდა, მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, ვინც ჩართულია ამ პროცესში. სახელმწიფო უწყებებთან ერთად, მონაწილეობს კერძო სექტორი, რიგითი მოქალაქეები.
თბილისმა, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე სოლიდარული ქალაქია, გამოთქვა მზაობა, შეიფაროს უკრაინის მოქალაქეები და დაეხმაროს იმ ტკივილის გადატანაში, რასაც დღეს ისინი განიცდიან. მზად ვარ, საკუთარი წვლილი შევიტანო და პირადი სახსრებითაც დავაბინაო უკრაინული ოჯახები, ვიდრე უკრაინაში მშვიდობა დაისადგურებს. ამასთან, გადავწყვიტეთ, გავხსნათ ანგარიში, სადაც შენატანს გავაკეთებ პირადად მეც და ბევრი ჩემი მეგობარი; სადაც ნებისმიერ მოქალაქეს ექნება შესაძლებლობა, თავისი წვლილი შეიტანოს. ამიტომ მინდა, მოვუწოდო ყველას – ფიზიკურ თუ იურიდიულ პირებს, ბიზნესსექტორს, შემოგვიერთდნენ ამ წამოწყებაში, უკრაინის მხარდაჭერაში. გამოვაცხადებ ანგარიშის ნომერს, რომელიც გამოქვეყნდება და იქნება ყველასთვის ხელმისაწვდომი. სახაზინო კოდია – 300778800 გთხოვთ, დანიშნულებაში მიუთითეთ-უკრაინისთვის!“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები