დევნილთა საარსებო წყაროების სტრატეგია დამტკიცდა
საქართველოს მთავრობამ დღეს დევნილთა საარსებო წყაროების სტრატეგია დაამტკიცა. ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა დავით დარახველიძემ ჟურნალისტებს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა. როგორც მინისტრმა განმარტა, სტრატეგია გულისხმობს მცირე და საშუალო ბიზნესპროექტების დაფინანსებას, დევნილების სწავლას, ასევე ბიზნესგეგმების განხორციელებაში მხარდაჭერას. “ეს სტრატეგია არის მნიშვნელოვანი. საქართველოს მთავრობასა და ევროკავშირს შორის, 2012 წელს გაფორმებული ფინანსური მხარდაჭერის ხელშეკრულების ფარგლებში 5 მილიონი ევროთი გათვალისწინებულია დევნილთა შემოსავლების წყაროებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა. ამისათვის სამინისტროში შექმნილია საჯარო სამართლის იურიდიული პირი – დევნილთა შემოსავლების წყაროების სააგენტო, რომელიც დაიწყებს ფუნქციონირებას და პერსპექტივაში არის შესაძლებლობა, რომ მსოფლიო ბანკმა დაამატოს კიდევ 2 მილიონი დოლარი, ხოლო 2015 წლიდან 30 მილიონ დოლარიანი პროექტი გაიხსნას. ეს გააუმჯობესებს დევნილთა ხელმისაწვდომობას შემოსავლებზე, გააუმჯობესებს მათ სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას და მათი ჩართულობის ხარისხს ქვეყნის ეკონომიკური აღმშენებლობის საკითხში”, -განაცხადა დარახველიძემ. როგორც დარახველიძემ აღნიშნა, სტრატეგია 4-წლიანია, თუმცა შესაძლებელია კიდევ გაგრძელდეს.