კრიმინალებში არახამია არ მომიხსენებია – ირაკლი კობახიძე
ირაკლი კობახიძის თქმით, ბრიფინგზე გაკეთებულ განცხადებაში კრიმინალებში დავით არახამია არ მოუხსენებია.
“დავაზუსტებ, კრიმინალებში არახამია არ მომიხსენებია, მე არ ვიცი მისი კრიმინალური წარსულის შესახებ, აქ საუბარია ადეიშვილსა და სხვებზე.
რაც შეეხება არახამიას, ჩვენ ვიცით მისი კავშირის თაობაზე ნაცმოძრაობასთან, უშუალოდ სააკაშვილთან, რასაც ისინი არ უარყოფენ, სააკაშვილმა თქვა, რომ მისი დაფრთიანებული იყო, ასევე გახსოვთ, არახამია როგორ გამოდიოდა Free Misha-ს მაისურით, ანუ პირდაპირი კავშირი არსებობს, ეს მათი საქმეა, ამაში ვერ ჩავერევით, მაგრამ როცა ვსაუბრობთ გარკვეული ნაბიჯების ალოგიკურობაზე, წარმოიდგინეთ ამხელა ომის მდგომარეობაშია ქვეყანა და ამ ქვეყნის ლიდერები უცბად იცლიან 7 ენაზე დატვიტვისთვის საქართველოსთან დაკავშირებით და ამ ყველაფრის უკან არის პლუს ალოგიკურობა. ბელარუსს რომ არ უპირისპირდები ასეთი ზომით და არ გამოიწვევ ელჩს და საქართველოსთან მიმართებაში აკეთებ, ალოგიკურობაზეც ზედმეტია საუბარი,”- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
კითხვაზე რამდენად სწორია ამ ეტაპზე კრიტიკის მიმართვა დავით არახამიასკენ, რომელსაც უკრაინული მედია ზელენსკის მარჯვენა ხელადაც კი მოიხსენიებს და ის მნიშვნელოვან როლს თამაშობს რუსეთ-უკრაინის მიმდინარე მოლაპარაკებებში, საქართველოს მმართველი პარტიის ლიდერმა განაცხადა, რომ საჭირო იყო ლოგიკური დასკვნების გამოტანა:
“როდესაც ასეთი ალოგიკური ნაბიჯები იდგმება და ეს იდგმება სამწუხაროდ უკრაინის პრეზიდენტის სახელით და არის აუხსნელი, ამას როცა ემატება “ნაციონალური მოძრაობის” პირდაპირი კავშირი ხელისუფლების რგოლებთან, მარტივია ლოგიკური დასკვნები, რომელიც უნდა გამოვიტანოთ,” – განაცხადა ირაკლი კობახიძემ რუსთავი 2-ის “ღამის კურიერში.