გაუგებრობა, თუ ლობიზმი? – რატომ გაიწვიეს საქართველოდან უკრაინის ელჩი?
ვოლოდიმირ ზელენსკის გადაწყვეტილებას, კონსულტაციებისთვის საქართველოდან გაეწვია უკრაინის ელჩი, საზოგადოებაში არაერთგვაროვანი შეფასებები მოჰყვა. საქართველოს ხელისუფლება რუსული აგრესიის მოგერიებაში ჩართული უკრაინის პრეზიდენტის კრიტიკას არ აპირებს, თუმცა ზელენსკის გადაწყვეტილებას გაუგებარს უწოდებს.
არსებული ვითარების ფონზე საკუთარი პოლიტიკური მოთხოვნები წამოაყენა „ნაციონალურმა მოძრაობამ“, სააკაშვილის გუნდმა უკრაინის სოლიდარობის მიზნით გამართული აქციების კვლადაკვალ, საქართველოში ხელისუფლების გადადგომა მოითხოვა.
რეალურად, რატომ გაიწვია ელჩი ზელენსკიმ? უკრაინის პრეზიდენტმა საკუთარი გადაწყვეტილების ორი მიზეზი დაასახელა:
1- საქართველოს პოზიცია არ შეუერთდეს საერთაშორისო სანქციებს და 2 – საქართველოდან თვითმფრინავით უკრაინაში საბრძოლველად მოხალისეების წასვლისთვის დაბრკოლების შექმნა. ამის საპასუხოდ, „ქართულ ოცნებაში“ განმარტავენ, რომ საქართველო ყველა საერთაშორისო ტრიბუნიდან ღიად გამოხატავდა და კვლავაც აგრძელებს პოლიტიკურ მხარდაჭერას უკრაინის მიმართ.
მმართველ გუნდში ხაზს უსვამენ, რომ პოლიტიკური მხარდაჭერის გარდა, პრემიერ მინისტრის გადაწყვეტილებით, საქართველომ 100 ტონამდე ჰუმანიტარული ტვირთი უკვე გაგზავნა უკრაინაში და იგეგმება დამატებითი დახმარების ტრანსპორტირებაც. ასევე საქართველოში მყოფ უკრაინის მოქალაქეებს სახელმწიფო ყველანაირ დახმარებას უწევს.
რაც შეეხება ქართველი მოხალისეების ბრძოლის ფრონტზე გაგზავნას, საქართველოს ხელისუფლება ევროკავშირის ქვეყნების მსგავსად, მიიჩნევს, რომ სახელმწიფოს ნებართვით ასეთი აქტი, შესაძლოა აღქმული იქნეს, როგორც უკრაინის ომში ღიად ჩართვა, ამან კი, არ არის გამორიცხული, პროვოკაციები, მათ შორის ესკალაცია გამოიწვიოს ჩვენს ტერიტორიაზე.
იგივე პოზიცია გააჟღერა დიდი ბრიტანეთის პრემიერმა, რომლის თანახმად, ის ხელს ვერ შეუწყობს უკრაინაში მოხალისეების გამგზავრებას. აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა კი განაცხადა, რომ უკრაინას სამხედრო ძალით არ დაეხმარება.
„ჩვენს მოკავშირეებთან ერთად, ჩვენ უკრაინელების მხარდაჭერას უზრუნველვყოფთ მათ ბრძოლაში თავისუფლებისთვის სამხედრო, ეკონომიკური, ჰუმანიტარული დახმარების სახით. პირდაპირი დახმარების სახით, ჩვენ გამოვყოფთ მილიარდ დოლარზე მეტს უკრაინისთვის და გავაგრძელებთ უკრაინელი ხალხის მხარდაჭერას თავიანთი ქვეყნის დაცვაში და მათი ტანჯვის შემსუბუქებაში. თუმცა, ნება მიბოძეთ, მკაფიოდ აღვნიშნო, ჩვენი ძალები არ არიან ჩართული და არ ჩაერთვებიან კონფლიქტში რუსეთის ძალებთან უკრაინაში“, – განაცხადა ბაიდენმა.
ასევე ევროკავშირის რიგმა ქვეყნებმა – პოლონეთმა, სლოვაკეთმა და ბულგარეთმა უარი განაცხადეს უკრაინაში საბრძოლო თვითმფრინავების გაგზავნაზე, ვინაიდან მათი პოზიციით, ეს აღქმული იქნება, როგორც ნატოს პირდაპირი ჩართვა რუსეთ-უკრაინის ომში.
ექსპრეტების ნაწილი ყურადღებას ამახვილებს იმაზეც, რომ საქართველო ერთ-ერთია იმ მცირერიცხოვან ქვეყნებს შორის, რომელმაც უკრაინიდან ელჩი და კონსული არ გამოიყვანა და ისინი ამჟამადაც საომარი მდგომარეობის პირებობში აგრძელებენ მუშაობას. ამ ფონზე, მათთვის აუხსნელია საქართველოდან ელჩის გაწვევა, მით უფრო, რომ ასეთი გადაწყვეტილება ოფიციალურ კიევს არ მიუღია ბელორუსთან მიმართებაშიც კი, რომლის ტერიტორიიდან იბომბება უკრაინის ქალაქები და რომელიც ამ გაუგონარ აგრესიაში კრემლის პირდაპირი მოკავშირეა.
უკრაინა ელჩებს ტოვებს მოლდოვაში, სომხეთში, აზერბაიჯანში, თურქეთსა და ისრაელშიც, რომლებიც მოსალოდნელი რისკების გამო, ასევე ვერ შეუერთდნენ გლობალურ სანქციებს.
რატომ მაინცდამაინც საქართველო? ამ კითხვაზე პასუხი ხელისუფლებასა და ოპოზიციაში განსხვავებულია, ისევე როგორც საექსპერტო წრეებში.
ექსპერტების დიდი ნაწილი თანმხდება იმაზე, რომ როდესაც 2008 წლის ომის შემდეგ, რუსეთმა საქართველოს 20%-ის ოკუპაცია განახორციელა, ამ ფონზე ნებისმიერი გაუთვლელი ნაბიჯი შესაძლოა საქართველოში ომის გადმოტანის წინაპირობა გახდეს.
ექსპერტი ზურაბ ქადაგიძე მიიჩნევს, რომ ელჩის გაწვევის გადაწყვეტილება ვოლოდიმირ ზელენსკიმ სავარაუდოდ ემოციურად, არასწორი ინფორმაციის საფუძველზე მიიღო. ექსპერტების ნაწილი არც იმას გამორიცხავს, რომ უკრაინის დიპლომატიურ წრეებში საქართველოდან ელჩის გამოწვევის ინიციატივას იქ მყოფი ქართველები ლობირებდნენ, რომლებიც ახლა სხვადასხვა თანამდებობაზე არიან, ღიად აკრიტიკებენ საქართველოს ხელისუფლებას და წარმოადგენენ მიხეილ სააკაშვილის გარემოცვას. ერთ-ერთი მათგანია რადას დეპუტატი და ფრაქცია „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარე დავით არახამია, რომელიც ცოტა ხნის წინ საქართველოს ხელისუფლებისგან მიხეილ სააკაშვილის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვდა და რომელიც ახლახანს ვიხილეთ უკრაინის დელეგაციის სათავეში რუსეთთან მოლაპარაკებებში. ასევე აღინიშნა უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის მრჩეველი, გია ლორთქიფანიძე, რომელიც უშუალოდ იყო ჩართული მიხეილ სააკაშილის საქართველოში უკანონოდ შემოყვანაში, რის გამოც პროკურატურამ ლორთქიფანიძეს ბრალი დაუსწრებლად წარუდგინა (ამ ბრალდების მიუხედავად ის რჩება თანამდებობაზე). ამავე კონტექსტში გაიჟღერა ზურაბ ადეიშვილმაც, რომელიც ამ დრომდე უკრაინის გენერალური პროკურორის მრჩეველია. უკრაინის პოლიტიკურ წრეებში აქტიურად განიხილებოდა, როგორ და ვისი დახმარებით მოახერხა მიხეილ სააკაშვილმა ჯერ უკრაინის, შემდეგ კი საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთა და იყო თუ არა საქმის კურსში ამის შესახებ უკრაინის ხელისუფლება.
ექსპერტები ყურადღებას ამახვილებენ იმ გარემოებაზეც, რომ საქართველო-უკრაინას შორის ურთიერთობები, რომელიც ბოლო წლებში საკმაოდ გაციებული იყო, ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერად დაბრუნების შემდეგ განახლდა. მათი თქმით, ამის მაგალითებია: ირაკლი ღარიბაშვილის მოწვევით საქართველოში უკრაინის პრემიერის და პრეზიდენტის ვიზიტები, ბათუმში ზელენსკის მონაწილეობით ასოცირებული ტრიოს შეხვედრა, პრემიერის წარმატებული ვიზიტი უკრაინაში, სადაც მაღალი დონის შეხვედრები გაიმართა პრემიერთან და პრეზიდენტთან. აღნიშნული ვიზიტის ფარგლებში, ირაკლი ღარიბაშვილმა ყირიმის პლატფორმაზე კიდევ ერთხელ დააფიქსირა საქართველოს პოზიცია ოკუპაციასთან დაკავშირებით.
ექსპერტი ამბობს, რომ ამ ვიზიტების შემდეგ დაახლოებით ერთ თვეში, მიხეილ სააკაშვილი არაჟნების სატვირთო კონტეინერით შემოიპარა საქართველოში და რომ არა მისი დროული დაპატიმრება ძალოვნების მიერ, ქვეყანა დესტაბილიზაციის წინაშე დადგებოდა. „საქართველოში დესტაბილიზაციის მცდელობები გრძელდება“ – ამის შესახებ გუშინ ღიად განაცხადა მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა. “საზოგადოებას გვსურს განვუმარტოთ, სამწუხაროდ არ წყდება საქართველოს ომში ჩაბმის მცდელობები და პროვოკაციები, რომელშიც პირდაპირ ჩართულია დესტრუქციული ოპოზიცია და “ნაციონალური მოძრაობა”. ამის მიზანია საომარი მოქმედებების დაწყება ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე. ეს არის მართული პროცესი დესტრუქციული ოპოზიციის და მისი წევრების მხრიდან როგორც თბილისში, ისე კიევში. პროვოკაციული იყო გუშინ, მოხალისეების ჩარტერული რეისით უკრაინაში გაგზავნის დემონსტრაციული მცდელობა, რაც ასევე იყო ორგანიზებული “ნაციონალური მოძრაობის” მიერ და იქნებოდა აღქმული როგორც საქართველოს საომარ მოქმედებებში ირიბი ჩართვა. ჩვენი მკაფიო პოზიცია უცვლელი რჩება – უკრაინელი ხალხის მხარდაჭერა და საქართველოში სიმშვიდისა და სტაბილურობის შენარჩუნება.”- განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.
რაც შეეხება უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს, დღეს ვოლოდიმერ ზელენსკიმ „ტვიტერის“ საშუალებით კიდევ ერთხელ მიმართა მსოფლიო ლიდერებს.
„რა აზრი აქვს, თქვათ, რომ „აღარასოდეს“, 80 წლის განმავლობაში, თუ მსოფლიო იქნება ჩუმად, როდესაც ბომბები ცვივა ისევ ბაბინ იარზე? სულ მცირე 5 ადამიანი დაიღუპა. ისტორია მეორდება“, – წერს ზელენსკი.
მმართველ გუნდში მიიჩნევენ, რომ საქართველო უკრაინის მოკავშირედ და მჭიდრო პარტნიორად რჩება. ხელისუფლებაში ხაზს უსვამენ, რომ სააკაშვილის ფაქტორის მიუხედავად, ეს ურთიერთობები მომავალშიც გაგრძელდება.
წყარო: “პრაიმ თაიმი”