რუსეთის კომუნიკაციების ფედერალური სამსახური “ვიკიპედიას” უჩივის
რუსეთის კომუნიკაციების, ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და მასმედიის ზედამხედველობის ფედერალური სამსახური “ვიკიპედიას” უჩივის. მან ინტერნეტგვერდის ადმინისტრაციას მოსთხოვა, უკრაინაში რუსეთის სპეციალურ ოპერაციასთან დაკავშირებული არაზუსტი ინფორმაცია ამოიღოს. ინფორმაციას ამის შესახებ ფედერალური ხელისუფლების უწყების პრესსამსახური ავრცელებს.
„კომუნიკაციების, ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და მასმედიის ზედამხედველობის ფედერალურმა სამსახურმა, რუსეთის გენერალური პროკურატურის მოთხოვნის საფუძველზე, მითითებული ინტერნეტრესურსის ადმინისტრაციას 1-ელ მარტს გაუგზავნა შეტყობინება უკრაინაში სპეცოპერაციის თემაზე არაზუსტი ინფორმაციის ამოღების აუცილებლობის შესახებ. საუბარია პლატფორმის მიერ ყალბი შინაარსის ინფორმაციის გავრცელებაზე, რომლებიც რუს მომხმარებლებში დეზინფორმაციის გავრცელებას ისახავს მიზნად“, – ნათქვამია განცხადებაში.
უწყებამ ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ, სამეთვალყურეო ორგანოს მოთხოვნით, იმ შემთხვევაში, თუკი “ვიკიპედია” კონტენტს არ წაშლის, ქვეყნის ადმინისტრაციული კანონმდებლობის შესაბამისად, იურიდიულ პირებს 4 მილიონ რუბლამდე ჯარიმა დაეკისრებათ.
მანამდე, დუმის უსაფრთხოებისა და ანტიკორუფციული კომიტეტის ხელმძღვანელმა, ვასილი პისკარევმა განაცხადა, რომ კანონმდებლობაში ცვლილებები შევიდა, რომლის თანახმადაც, დეზინფორმაციის გავრცელება კანონით მკაცრად დასჯადი გახდება. რუსეთმა ანტისამთავრობო მედიასაშუალებები „ყალბი ინფორმაციის გავრცელებაში“ დაადანაშაულა და დაემუქრა, თუკი ინფორმაციას არ წაშლიან, მათზე წვდომას შეუზღუდავს.
26 თებერვალს გამოქვეყნებულ განცხადებაში უწყება წერს, რომ „გამოვლინდა ყალბი ინფორმაციის გავრცელების ფაქტები“ 10 მედიასაშუალებაში.