“თუ მესამე მსოფლიო ომი დაიწყება, ის ბირთვული იქნება” – ლავროვი
მესამე მსოფლიო ომი, თუკი ის დაიწყება, იქნება ბირთვული და დამანგრეველი. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა ტელეარხ Aljazeera-ს განუცხადა.
“მესამე მსოფლიო ომი იქნება დამანგრეველი ბირთვული ომი”, – თქვა ოკუპანტი ქვეყნის მინისტრმა.
ასე გამოეხმაურა ლავროვი შეერთებული შტატების პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებას, რომ მკაცრი სანქციების ალტერნატივა, რომელიც ვაშინგტონმა მოსკოვს დაუწესა, იქნება მესამე მსოფლიო ომი.
27 თებერვალს ბაიდენმა განაცხადა, რომ უკრაინაში შეჭრისთვის რუსეთის დასჯის ერთადერთი საშუალებაა სანქციები, რათა არ დაიწყოს მესამე მსოფლიო ომი.
“ჩვენ გვაქვს ორი ვარიანტი: ან დავიწყოთ მესამე მსოფლიო ომი, ჩავებათ ფიზიკურად რუსეთთან ომში, ან მეორე: დავრწმუნდეთ, რომ ქვეყანა, რომელიც მოქმედებს საერთაშორისო სამართლის საწინააღმდეგოდ, ამისთვის გადაიხდის”, – განაცხადა ბაიდენმა.
27 თებერვალს, კრემლის მტკიცე მოკავშირემ, ბელარუსის ავტორიტარმა ლიდერმა, ლუკაშენკომ განაცხადა, რომ დასავლეთის სანქციები რუსეთს მესამე მსოფლიო ომისკენ უბიძგებს.
შეგახსენებთ, 27 თებერვალს ვლადიმირ პუტინმა რუსეთის სტრატეგიული შეკავების ძალების სპეციალურ საბრძოლო რეჟიმზე გადაყვანის ბრძანება გასცა.
წყარო:ghn.ge