დენის შმიგალი: უკრაინა სულ უფრო ძლიერდება, ჩვენი მეომრები ლომებივით იბრძვიან
“ჩვენი მეომრები ლომებივით იბრძვიან. რუსეთის მტრული არმია ძალას კარგავს, ცალკეულ მონაკვეთებზე კი იძულებულია ტაქტიკურად უკან დაიხიოს”, – ამის შესახებ უკრაინის პრემიერმინისტრმა, დენის შმიგალმა განაცხადა.
მისივე თქმით, უკრაინა სულ უფრო ძლიერდება.
„მიმდინარეობს ეროვნულ-განმათავისუფლებელი ბრძოლის მე-7 დღე რუსი ოკუპანტების წინააღმდეგ, ჩვენი მეომრები ლომებივით იბრძვიან ყველა მიმართულებით და მტკიცედ აძლიერებენ თავდაცვას. მტერი ძალებს კარგავს, ცალკეულ მონაკვეთებზე კი იძულებულია, ტაქტიკურად უკან დაიხიოს. ამავდროულად, ათი ათასობით რეზერვისტით ივსება ჩვენი არმიის რიგები. უკრაინისკენ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან მოდის იარაღი. მთავარი კი ის არის, რომ დაბნეულობა, რომელიც ბევრ ადამიანს ჰქონდა პირველ დღეებში, შეიცვალა თავდადებით. რკინის ფარდა სულ უფრო მეტად ეშვება აგრესორზე. მსოფლიო კომპანიები ტოვებენ რუსეთს, რადგან არ სურთ, ურთიერთობა ჰქონდეთ სისხლიან ფულთან. ბევრმა ცივილურმა ქვეყანამ რუსეთს ცა დაუკეტა. ამავდროულად, უკრაინა სულ უფრო ძლიერდება. ევროპარლამენტმა მიიღო უკრაინის განაცხადი ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ. მთელ მსოფლიოში მიმდინარეობს აქციები ჩვენი ქვეყნის მხარდასაჭერად. უკრაინა ახლა თავისუფლებისთვის გლობალური ბრძოლის ცენტრია“ , – განაცხადა შმიგალმა.