რუსეთის ოფიციალური ინფორმაცია უკრაინაში მიმდინარე ომზე – “1502 სამხედრო ობიექტია განადგურებული”
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის ინფორმაციით, 24 თებერვალს უკრაინაში შეჭრიდან დღემდე, რუსმა სამხედროებმა უკრაინის სამხედრო ინფრასტრუქტურის1502 ობიექტი გაანადგურეს.
მათ შორის – 51 სამეთაურო პუნქტი და საკომუნიკაციო ცენტრი; 38 საჰაერო თავდაცვის სარაკეტო სისტემა S-300, Buk M-1 და Osa; 51 სარადარო სადგური; მიწაზე განადგურებულია 47 თვითმფრინავი, ხოლო 11 ჰაერში; 472 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა; 62 მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა; 206 საველე არტილერია და ნაღმტყორცნები; 336 ერთეული სპეციალური სამხედრო მანქანა; 46 უპილოტო საფრენი აპარატი.
მტრის დანაკარგის შესახებ ინფორმაციას უკრაინის გენერალური შტაბიც ავრცელებს.
კერძოდ, უკრაინაში რუსული ჯარების შეჭრიდან დღემდე, თითქმის 5840-ზე მეტი რუსი სამხედროა დაღუპული.
ასევე, განადგურებულია: 211 ტანკი, 862 ჯავშანტექნიკა; 85 საარტილერიო სისტემა; 40 რეაქტიული სისტემა; 9 ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემა; 30 თვითმფრინავი; 31 ვერტმფრენი; 355 ერთეული საავტომობილო ტექნიკა; 2 კატერი; 60 ცისტერნა და 3 დრონი.