ფიფამ და უეფამ რუსეთის კლუბებსა და ეროვნულ გუნდებს ყველა ტურნირზე თამაშის უფლება შეუჩერეს
ფიფას და უეფას აღმასრულებელი კომიტეტის მიერ მიღებული პირველადი გადაწყვეტილებების შემდეგ, რომლებიც ითვალისწინებდა დამატებითი ზომების მიღებას, ფიფამ და უეფამ დღეს ერთად გადაწყვიტეს, რომ რუსეთის ყველა გუნდს, იქნება ეს ეროვნული წარმომადგენლობითი გუნდები თუ საკლუბო გუნდები, შეუჩერდებათ მონაწილეობა ორივე თამაშში.
აღნიშნული გადაწყვეტილება ფიფას და უეფას შემდგომ გაფრთხილებამდე გაგრძელდება.
„ფეხბურთი სრულად არის გაერთიანებული და სრულ სოლიდარობას უცხადებს ყველა დაზარალებულს უკრაინაში. ორივე პრეზიდენტი {ფიფას და უეფას} იმედოვნებს, რომ სიტუაცია უკრაინაში მნიშვნელოვნად და სწრაფად გაუმჯობესდება, რათა ფეხბურთი კვლავ იყოს ხალხთა შორის ერთიანობისა და მშვიდობის ვექტორი,“ – ვკითხულობთ უეფას მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უეფა, ასევე, წყვეტს სპონსორობის კონტრაქტს რუსული გაზის მონოპოლურ გაზპრომთან.
ფიფას და უეფას გადაწყვეტილებას ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი twitter-ზე გამოეხმაურა.
„ეს არის ძლიერი გზავნილი საერთაშორისო სპორტული საზოგადოებისგან, რომ ჩვენ არ მოვითმენთ პუტინის ამაზრზენ თავდასხმებს თავისუფლებაზე. ყოჩაღ, ფიფა და უეფა!“ – წერს ჯონსონი.
გარდა ამისა, ევროპის ხელბურთის ფედერაციამ რუსულ და ბელორუსულ კლუბებს ევროტურნირებში მონაწილეობა აუკრძალა.
ცნობისთვის, 25 თებერვალს, საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა (IOC) მოუწოდა ყველა სპორტულ ფედერაციას, გადადოს ან გააუქმოს ყველა შეჯიბრი რუსეთსა და ბელარუსში.
შეგახსენებთ, 24 თებერვალს, დილის 5:00 საათზე, რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულმა ძალებმა დაიწყეს უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფების ინტენსიური დაბომბვა უკრაინის აღმოსავლეთით.