ხიდაშელის “ნაციონალებს“: სანამ კივილს დაიწყებთ, მარტივ კითხვებზე უნდა გასცეთ პასუხები
საპარლამენტო უმრავლესობის ერთ – ერთი ლიდერი თინა ხიდაშელი მიხეილ სააკაშვილისთვის ბრალის წაყენებასთან დაკავშირებით “ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გაკეთებულ განცხადებებს ეხმაურება. ხიდაშელი შვიდ ნოემბერს განვითარებული მოვლენების შესახებ ოპონენტებს კონკრეტული კითხვებით მიმართავს და მათგან პასუხებს ითხოვს.
“არ ვიცი, კონკრეტულად, რა მტკიცებულებები აქვს პროკურატურას, ვინ აძლევს ჩვენებას და რას ამბობენ, მაგრამ სანამ “რუსი ოლიგარქის”, “პუტინის დავალების”, “ნაცმოძრაობის გეშინიათ” და მსგავი ამბების კივილს დაიწყებთ, მარტივ კითხვებზე უნდა გასცეთ პასუხები.
1. 7 ნოემბერს ხალხი საოცარი სისასტიკით სცემეთ თუ არა?
2. დილის 7 საათზე ნაგვის მანქანებით და მეეზოვისფორმიანი კუნთმაგარი ბიჭებით დაარბიეთ თუ არა მოშიმშილეები?
3. დარბევისას რეზინის ტყვიები გამოიყენეთ თუ არა?
4. ღამე ტელევიზიში შევარდით თუ არა?
5. 8 ნოემბერს ბათუმში დაარბიეთ თუ არა ახალგაზრდები, ისე რომ საგანგებო მდგომარეობა არ გქონდათ გამოცხადებული?
6. დარბევაში მონაწილეობდნენ თუ არა, მაგალითად, სად-ის თანამშრომლები, ჯინსიან/ბოტასიანი ზონდერენი (ბადრის რა, შეძახილებით) ჯარისკაცები?
7. გაანადგურეთ თუ არა კერძო საკუთრება, ტელეკომანია „იმედიდან“ აპარატურის სახით?
8. ფიზიკურად გაუსწორდით თუ არა ჟურნალისტებს?
9. 7 ნოემბერს გააქრეთ და სასიკვდილოდ გაიმეტეთ თუ არა პარლამენტის წევრი კობა დავითაშვილი?
10. დილის 7 საათზე პირველი, მენაგვეებით დარბევისას უკანონოდ დააკავეთ თუ არა გოგა ხაინდრავა და ზურა მარაქველიძე?
11. აფთიაქებსა და მაღაზიებში დასდევდით თუ არა მომიტინგეებს?
12. რიყეზე დარბევის დროს გქონდათ თუ არა მცდელობა მომიტინგეების ალყაში მოქცევის?
13. რიყეზე დარბევის დროს გამოიყენეთ თუ არა იარაღი, რომელიც დღესაც არ ვიცით, რა იყო, რომლის გამოც რამდენიმე ადამიანმა ფეხის მძიმე ტრამვა მიიღო?
14. ამას ყველაფერს პირდაპირ ეთერში რომ უყურებდით, ვინმეს აზრად მაინც თუ გაუჩნდა, რომ გაეჩერებინა ეს სისასტიკე?
15. ტელეანძიდან უკანონოდ გათიშეთ თუ არა ტელემაუწყებლობები, მათ შორის „კავკასიის“? და თუ ამ ყველა და კიდევ ძალიან ბევრ მსგავს კითხვაზე პასუხი დადებითია, მაშინ ვიღაცამ გასცა ეს ბრძანება, ალბათ? და თუ ეს ვიღაც არ იყო მიშა, იქნებ კიდევ ერთხელ, სანამ “ბიძინა, ბიძინას” ყვირილს დაიწყებთ, ჯერ ის მოგვიყვეთ, ვინ, რა ვითარებაში და როდის დაგეგმა, და გასცა ბრძანება ასეულობით ათასი საკუთარი მოქალაქის მიმართ განხორციელებული სისასტიკის!“, – წერს ხიდაშელი ფეისბუქის პირად გვერდზე.