შეხვედრები ციკლიდან: ”საქართველოს ლინგვისტური პორტრეტი”

ქართული დიალექტური კორპუსი, ”საქართველოს ლინგვისტური პორტრეტის” ფარგლებში, იწყებს შეხვედრების სერიას, რომლის მიზანია, საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფისთვის კორპუსის, როგორც ქართული ენობრივი მასალის მომცველი მასშტაბური ენათმეცნიერული და კულტურული პროდუქტის პოპულარიზაცია. შეხვედრის ფარგლებში იგეგმება ექსპედიციების დროს ჩაწერილი უნიკალური ტექსტების, აუდიო და ვიდეომასალის ჩვენება, კორპუსის შემადგენლობის, მისი მნიშვნელობის გაცნობა.
შეხვედრების სერია, რომელიც 2014 წლის განმავლობაში პერმანენტულად გაიმართება, მეცნიერებს, კულტურის მოღვაწეებს, სტუდენტებს თუ დაინტერესებულ საზოგადოებას ამ უნიკალური პროდუქტისკენ გზას გაუკვალავს.
10 თებერვალს, 18 საათზე, ეროვნული ბიბლიოთეკის III კორპუსის საკონფერენციო დარბაზში, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის პროექტის – ”საქართველოს ლინგვისტური პორტრეტის” – ფარგლებში მომზადებული ქართული დიალექტური კორპუსის წარდგენა და გაცნობა შედგება.
„ქართული დიალექტური კორპუსი“ არის თანამედროვე ტექნოლოგიებზე დაყრდნობით აგებული საინფორმაციო-საცნობარო სისტემა, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია, ქართული ენის ნებისმიერი ქვესისტემის ან სხვა ქართველური ენების მონაცემების შენახვა, აღწერა, კვლევა. მეტიც, კორპუსის მოდელი შეიძლება გამოყენებული იქნეს ნებისმიერი მულტილინგვისტური ენობრივი არეალის აღსაწერად.
დღეისათვის კორპუსში 1 453 325 სიტყვაა. ტექსტური მასივის შევსება გრძელდება. შინაარსობრივი თვალსაზრისით კორპუსი მოიცავს სხვადასხვა დანიშნულების ავთენტურ ტექსტებს. მომხმარებელი აქ იპოვის ადამიანებს, ისტორიებს, კულტურულ რეალიებს, მიგრაციების მარშრუტებსა და შედეგებს, ტოპონიმებს, საკუთარ სახელებს, ისტორიულ პიროვნებათა შესახებ მოგონებებს, კულინარიულ რეცეპტებს, ფოლკლორულ ვარიაციებს, ხალხური დიპლომატიისა და ერთა შორის ურთიერთობის შესახებ ცნობებს….
პროექტი „საქართველოს ლინგვისტური პორტრეტი“, ქართველური ენებისა და მათი დიალექტების თანამედროვე ტექნოლოგიებით დოკუმენტირებისა და კვლევის მიზნით, ამ საუკუნის დასაწყისში შეიქმნა. ის მცირე-მცირე პროექტების სახით ხორციელდებოდა, ხოლო 2006 წლიდან არნოლდ ჩიქობავას ენათმეცნიერების ინსტიტუტში ამავე სახელწოდების პროექტის ფარგლებში „ქართული დიალექტური კორპუსი“ იქმნება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები