იენს სტოლტენბერგი: მოვუწოდებთ რუსეთს, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს სამხედრო ქმედება
ნატო-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, უკრაინაში რუსეთის შეჭრა დიდი ხნით ადრე იყო დაგეგმილი. მისი თქმით, რუსეთის ლიდერებმა სრული პასუხისმგებლობა უნდა აიღონ ამ ქმედებებზე.
სტოლტენბერგის განცხადებით, უკრაინაზე თავდასხმა არის უხეში დარღვევა საერთაშორისო სამართლის, აგრესიის აქტი სუვერენული, დამოუკიდებელი და მშვიდობიანი ქვეყნის წინააღმდეგ.
„ეს გახლავთ გადამწყვეტი მომენტი ევროპის უსაფრთხოებისთვის, რუსეთის გაუმართლებელი და არაპროვოცირებული შეტევა უკრაინის წინააღმდეგ უდანაშაულო სიცოცხლეს რისკის ქვეშ აყენებს საჰაერო და სარაკეტო შეტევით, სახმელეთო ძალებისა და სპეციალური ძალების შეტევით სხვადასხვა მიმართულებიდან, რომელსაც მიზანში ამოღებული აქვს სამხედრო ინფრასტრუქტურა და ძირითადი ურბანული ცენტრები.
ეს არის დიდი ხნით ადრე დაგეგმილი შეჭრა. მიუხედავად ტყუილისა, დეზინფორმაციისა, კრემლის განზრახვა ნათელია მთელი მსოფლიოსთვის, რუსეთის ლიდერებმა სრული პასუხისმგებლობა უნდა აიღონ ამ ქმედებებისა და დაღუპულებისთვის.
ნატო მკაცრად გმობს რუსეთის შეჭრას უკრაინაში, ეს გახლავთ უხეში დარღვევა საერთაშორისო სამართლის, აგრესიის აქტი სუვერენული, დამოუკიდებელი და მშვიდობიანი ქვეყნის წინააღმდეგ და სერიოზული საფრთხე ევროატლანტიკური უსაფრთხოებისთვის. ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთს, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს სამხედრო ქმედება, გაიყვანოს საკუთარი ძალები უკრაინიდან და აირჩიოს დიპლომატიის გზა. ჩვენ სრულად მხარს ვუჭერთ უკრაინის სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას, უკრაინის უფლებას, საკუთარი თავი დაიცვას. რუსეთი იყენებს ძალას, რათა გადაწეროს ისტორია და უარს ამბობს უკრაინისთვის დამოუკიდებელი და თავისუფალი განვითარების გზაზე. ნატო-ს ძირითადი ამოცანა გახლავთ, დაიცვას ყველა მოკავშირე. ანუ, არ არსებობს არასწორი გაგების არავითარი საფუძველი. შეტევა ერთ ქვეყანაზე ჩაითვლება შეტევად ყველას წინააღმდეგ. ეს გახლავთ ჩვენი კოლექტიური უსაფრთხოების გარანტია“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.
შეგახსენებთ, რომ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის გადაწყვეტილებით, დონბასში „სპეციალური სამხედრო ოპერაცია“ 24 თებერვალს გამთენიისას დაიწყო. ზელენსკიმ მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე საომარი მდგომარეობა გამოაცხადა. რუსეთის თავდასხმის შედეგად უკრაინაში ათობით ადამიანი დაიღუპა, განადგურდა ინფრასტრუქტურა.