ნატო-ს წევრმა ქვეყნებმა: პოლონეთმა, ესტონეთმა, ლიეტუვამ და ლატვიამ ნატო-ს დაარსების ხელშეკრულების მეოთხე მუხლი აამოქმედეს, რომელიც გულისხმობს, რომ უნდა დაიწყოს კონსულტაციები, როცა ნებისმიერი წევრი ქვეყანა ჩათვლის, რომ ნატო-ს მოკავშირის ტერიტორიულ მთლიანობას, პოლიტიკურ დამოუკიდებლობას ან უსაფრთხოებას საფრთხე ემუქრება.
„რუსეთის ფართო აგრესია საფრთხეს უქმნის მთელ მსოფლიოს, ნატო-ს ყველა ქვეყანას და ნატო-ს კონსულტაციები მოკავშირეთა უსაფრთხოების განმტკიცების შესახებ უნდა დაიწყოს, რათა განხორციელდეს დამატებითი ზომები ნატო-ს მოკავშირეების თავდაცვის უზრუნველსაყოფად. რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ ყველაზე ეფექტური პასუხი ერთიანობაა“, – განაცხადა ესტონეთის პრემიერმა, კაია კალასმა.
შეგახსენებთ, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის გადაწყვეტილებით, დონბასში „სპეციალური სამხედრო ოპერაცია“ 24 თებერვალს გამთენიისას დაიწყო. ზელენსკიმ მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე საომარი მდგომარეობა გამოაცხადა. უკრაინაზე თავდასხმები როგორც რუსეთის, ასევე ბელარუსისა და ოკუპირებული ყირიმის ტერიტორიებიდანაც მიმდინარეობს.
ამასთან, უკრაინა ავრცელებს პირველ ცნობებს რუსეთის თავდასხმის შედეგად დაღუპულთა შესახებ.