გიგი უგულავა: დღეს იმის ფუფუნება არ გვაქვს, რომ ჩირგვში ვისხდეთ

მინდა, ირაკლი ღარიბაშვილს შევახსენო, რომ ჩვენი დამოუკიდებლობა სისხლით არის მოპოვებული და ის ვერ გახდება მომავალში „ცეკას” მდივანი, როდესაც დიდი ბიჭები ომს დაამთავრებენ, ამიტომ, უნდა გაინძრეს ეს მთავრობა და იყოს მკაფიო, როგორც არასდროს, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა ლიდერმა, გიგი უგულავამ უკრაინის კრიზისთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი შეფასებით, მთავრობამ უშიშროების საბჭოს სხდომა უნდა მოიწვიოს და პარლამენტის რიგგარეშე სესია დანიშნოს, რათა ქართულმა პოლიტიკურმა სპექტრმა ცალსახა პოზიცია გამოხატოს.

„ამ მძიმე ვითარებაში, რომელშიც მთელი რეგიონი იმყოფება, უკიდურესად ბრმა, ზერელე და ზედაპირული უნდა იყო, რომ ვერ ხვდებოდე რა მდგომარეობაშია ჩვენი ქვეყანა. ძალიან საგანგაშო იყო პრემიერმინისტრის განცხადება, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის პრობლემას ვერ ხედავს. ჩემი აზრით, უსწრაფესად უშიშროების საბჭოს სხდომა უნდა მოიწვიოს და პარლამენტის რიგგარეშე სესია დაინიშნოს, რათა ცალსახა პოზიცია გამოხატოს ქართულმა პოლიტიკურმა სპექტრმა. დღეს არ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ ჩირგვში ვისხდეთ, ეს პოლიტიკა სრულიად გაანადგურებს ჩვენს სახელმწიფოებრიობას.

სრულიად პოლიტიკური კონსოლიდაცია გვჭირდება ყველა პოლიტიკური მოთამაშის, პირველ რიგში მიხეილ სააკაშვილის, რომელიც არის უკრაინის მოქალაქე. ჩვენ რომ ნორმალური ქვეყანა ვიყოთ ერთ მაგიდასთან უნდა ისხდნენ სააკაშვილიც, ივანიშვილიც და ყველა უნდა ვსაზღვრავდეთ რას გააკეთებს ქვეყანა იმისთვის, რომ დავიცვათ ჩვენი დამოუკიდებლობა. მინდა ღარიბაშვილს შევახსენო, რომ ჩვენი დამოუკიდებლობა სისხლით არის მოპოვებული და ის ვერ გახდება მომავალში ,,ცეკას” მდივანი, დიდი ბიჭები ომს რომ დაამთავრებენ, ამიტომ უნდა გაინძრეს ეს მთავრობა და იყოს მკაფიო როგორც არასდროს”, – განაცხადა გიგი უგულავამ.

შეგახსენებთ, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის გადაწყვეტილებით, დონბასში „სპეციალური სამხედრო ოპერაცია“ 24 თებერვალს გამთენიისას დაიწყო. ზელენსკიმ მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე საომარი მდგომარეობა გამოაცხადა. უკრაინაზე თავდასხმები როგორც რუსეთის, ასევე ბელარუსისა და ოკუპირებული ყირიმის ტერიტორიებიდანაც მიმდინარეობს.
ამასთან, უკრაინა ავრცელებს პირველ ცნობებს რუსეთის თავდასხმის შედეგად დაღუპულთა შესახებ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები