პროკურატურა: კატეგორიულად და ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ გენერალური პროკურატურის შენობის რეალიზაცია არ იგეგმება
საქართველოს პროკურატურა ეხმაურება ერთ-ერთი მედიასაშუალებით გავრცელებულ მორიგ დეზინფორმაციას, თითქოსდა უწყება საქართველოს გენერალური პროკურატურის შენობის რეალიზაციას აპირებს და მიუხედავად ამისა, აღნიშნული შენობის მესამე სართულის სარემონტო სამუშაოების დაწყებას გეგმავს.
„კატეგორიულად და ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ გენერალური პროკურატურის შენობის რეალიზაცია არ იგეგმება. ვადასტურებთ, რომ გამოცხადებულია ტენდერი აღნიშნული შენობის მესამე სართულის სარემონტო სამუშაოების ჩასატარებლად, რადგან 2005 წლის შემდეგ, აღნიშნულ სართულზე მსგავსი სარემონტო სამუშაოები არ ჩატარებულა და პროკურატურა გეგმაზომიერ შიდა განახლებას აწარმოებს მისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხების ფარგლებში.
რაც შეეხება პროკურატურის ახალ შენობას, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს პროკურატურამ ჯერ კიდევ 25 იანვარს გაავრცელა განცხადება ახალი არქიტექტურული პროექტის განსახორციელებლად გამოცხადებული კონკურსის თაობაზე, აღნიშნული ფაქტით მანიპულირება და დეზინფორმაციის გავრცელება გრძელდება.
კიდევ ერთხელ საზოგადოებას ხაზგასმით განვუმარტავთ, რომ აღნიშნულ შენობაში განთავსდებიან თბილისის რაიონული პროკურატურების თანამშრომლები,რომლებიც თერთმეტი წელია, რაც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქალაქ თბილისის პოლიციის დეპარტამენტის შენობაში გამოყოფილ ოთახებში მუშაობენ და პროფესიული მოვალეობის შესრულებისთვის არასათანადო სამუშაო პირობებში იმყოფებიან. ამას გარდა, ახალ შენობაში ასევე თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი პროკურატურის სასწავლო ცენტრი განთავსდება.
ასევე, საზოგადოებას მიეწოდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ პროკურატურის ახალი პროექტის მშენებლობა განხორციელდება საქართველოს პროკურატურის ბალანსზე არსებული უძრავი ქონების აუქციონის წესით რეალიზაციის შედეგად ბიუჯეტში მობილიზებული თანხებით.
საქართველოს პროკურატურისთვის დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლა არის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა და ამ მიმართულებით უწყება აქტიურად მუშაობას განაგრძობს, რათა ცრუ და არასწორი ინფორმაციის გავრცელებამ გავლენა არ მოახდინოს საზოგადოებაში პროკურატურის მიმართ ნდობის ხარისხზე.
მოვუწოდებთ ხსენებულ მედიასაშუალებას, უარყოს მის მიერ გავრცელებული ყალბი ინფორმაცია და საზოგადოებას მიაწოდოს ობიექტური და გადამოწმებული ინფორმაცია“, – აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში.