ნიკოლოზ ნამორაძემ ლონდონში, ბუდაპეშტის საფესტივალო ორკესტრთან ერთად, ფენომენალურ წარმატებას მიაღწია
ახალგაზრდა ქართველი პიანისტი და კომპოზიტორი ნიკოლოზ ნამორაძე გამორჩეული ბიოგრაფიის მქონე ხელოვანია, რომელმაც 2018 წელს ერთბაშად მოიპოვა მსოფლიო აღიარება. თუ მანამდე მის ნიჭიერებასა და ფართო შესაძლებლობებს ბუდაპეშტის, ვენის, ფლორენციისა და ნიუ-იორკის უმაღლეს მუსიკალურ სასწავლებლებში ყველა აღიარებდა, წარმოუდგენლად ძნელ, ჰონენსის (კანადა, კალგარი) საერთაშორისო საფორტეპიანო კონკურსში გამარჯვებამ იგი საყოველთაო ყურადღების ცენტრში მოაქცია.
ბოლო სამ წელიწადში გამართულმა სოლო კონცერტებმა თუ ორკესტრებთან ერთად გამოსვლებმა, ნიკოლოზ ნამორაძეს სამართლიანად შეუქმნა განსაცვიფრებელი ღირებულებების მქონე მუსიკოსის სახელი, რომლის შესრულებაში არის იმგვარი ძალა და დამარწმუნებლობა, რომ ვერაფრით დაიჯერებ მის ასაკს! ეს დაბრძენებული, მრავლისმნახველი ოსტატის განმარტოებაა ინსტრუმენტთან. ასეთი მუსიკალური სიმდიდრე, ემოციური ცვალებადობა და სინატიფე ხომ მრავალწლიან გამოცდილებას მოაქვს?! ის კი ჯერ 30 წლისაც არ არის.
ნიკოლოზ ნამორაძეს თავდაპირველი მუსიკალური განათლება ბუდაპეშტში აქვს მიღებული, მისი ოჯახი 90-იან წლებში იქ გადავიდა საცხოვრებლად და სწორედ ამ მდიდარი მუსიკალური ტრადიციების ქალაქში მოხდა მისი ზიარება და სერიოზული დაინტერესება საფორტეპიანო მუსიკით. აქ შეამჩნიეს პირველად მისი ნიჭიერება და ფართო გზაც აქედან გაუხსნეს.
უნგრელები ამაყობენ მისით და თავიანთ პროგრამებზე ასე მიუთითებენ: ქართული წარმოშობის უნგრელი პიანისტი, რომელიც ამერიკაში ცხოვრობს“.
უნგრელები ქართველებს გვეცილებიან და ამაში არის სიმართლე. იქ სადაც მოხდა მისი პროფესიული ზრდა-განვითარება, განა მისი მუსიკალური სამშობლო არ არის?
ორი წლის წინათ, როცა გადაწყდა რომ ბუდაპეშტის საფესტივალო ორკესტრი დირიჟორ ივან ფიშერის ხელმძღვანელობით უნდა სწვეოდა ლონდონს, იგორ სტრავინსკის გარდაცვალების 50 წლის აღსანიშნავი კონცერტებით, მათ უმალ გაახსენდათ ახალი თაობის უნიჭიერესი შემსრულებელი ნიკოლოზ ნამორაძე და სწორედ მას არგუნეს პატივი, სტრავინსკის „კაპრიჩიოში“ (ფორტეპიანოსა და ორკესტრისათვის) ფორტეპიანო მისთვის მიენდოთ.
ივან ფიშერმა ორ საღამოდ ჩაიფიქრა ლონდონის სამეფო საფესტივალო დარბაზში სტრავინსკის მუსიკალური ნაწარმოებების აჟღერება. იგი ასკაციანი ორკესტრით ეწვია ლონდონს და თავის ბრწყინვალე ორკესტრანტებთან ერთად ნამდვილი დღესასწაული მოუწყო ლონდონის აუდიტორიას, რომელიც სტარვინსკის მიმართ მუდამ განსაკუთრებული სიყვარულით გამოირჩევა. „კურთხეულ გაზაფხულთან“ და „პეტრუსკასთან“ ერთად აჟღერდა მეოცე საუკუნის ყველაზე საკამათო და რევოლუციონერი კომპოზიტორის სიმბოლოებად შერაცხული სხვა მუსიკალური ქმნილებებიც, ორდღიანი მუსიკალური მიძღვნის უმშვენიერეს გვირგვინად იქცა სტრავინსკის „ავე მარიას“ ვოკალური შესრულება, რომელსაც ასკაციანი ორკესტრი მღეროდა. ინსტრუმენტალისტების ამ რიტუალში იყო რაღაც მართლაც კურთხეული და წმინდათაწმიდა!
1929 წელს, როცა სტრავინსკის კაპრიჩიო ფორტეპიანოსა და ორკესტრისათვის პირველად შესრულდა პარიზის სიმფონიური ორკესტრის მიერ, მაშინ ფორტეპიანოს პარტიას თვით სტრავინსკი ასრულებდა. ამდენად, ამ მუსიკალური სამკაულის ყოველი მომდევნო შემსრულებელი უდიდეს რისკს სწევს. ნიკოლოზ ნამორაძემ იტვირთა ეს ურთულესი ამოცანა და საოცარი ბუნებრიობით მიაღწია იმგვარ სრულქმნილებასა და სინატიფეს, რომელიც თვით სტრავინსკისაც კი არ დატოვებდა გულგრილს.
მრავლისმნახველი დირიჟორი ივან ფიშერი იმდენად კმაყოფილი დარჩა ახალგაზრდა პიანისტის ბოლომდე დახარჯვით და პროფესიული თავგანწირვით, რომ არ მორიდებია, პირდაპირ სცენაზე მიელოცა ნიკოლოზ ნამორაძისთვის ეს ფენომენალური წარმატება. ორი ათასზე მეტი მსმენელის წინაშე იგი ქედს უხრიდა და აღტაცების ტაშს უკრავდა პიანისტს. ეს მართლაც იშვიათი სანახაობა იყო!
ლონდონის შემდეგ ნიკოლოზ ნამორაძეს 2 და 3 აპრილს უკვე ამერიკაში, კერძოდ, პორტლენდის Piano Internacional-ზე ელიან სოლო კონცერტებით, სადაც ის ბახის, ბეთჰოვენის, რახმანინოვის, სკრიაბინის, იორკ ბოუენის, ალექსინა ლოუიის და საკუთარი საკომპოზიტორო ნამუშევრებით წარდგება მსმენელის წინაშე.
გიორგი ლალიაშვილი ლონდონიდან