“სახელმწიფო იცავს იმ პრინციპს, რომ კანონის წინაშე ყველა თანასწორია“
სახელმწიფო იცავს იმ უმნიშვნელოვანეს პრინციპს, რომ კანონის წინაშე ყველა თანასწორია, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა, ეკა ბესელიამ მიხეილ სააკაშვილისა და ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსნებისთვის ბრალის წაყენების საკითხის კომენტირებისას განაცხადა.
ბესელია მიიჩნევს, რომ იმ უმძიმეს ბრალდებებს, რომელიც 7 ნოემბრის აქციის სასტიკ დარბევას, სხვისი ქონების ორგანიზებულად ხელში ჩაგდებას და სახელმწიფო სტრუქტურების ტელევიზიის წინააღმდეგ მიმართულ ქმედებებს ეხება, სწორედ პროკურატურა უნდა გამოხმაურებოდა.
“სახელმწიფო იცავს იმ პრინციპს, რომ კანონის წინაშე ყველა თანასწორია. ეს თანასწორობა ნიშნავს, რომ არც ყოფილი პრეზიდენტი, თუ მის მიმართ მძიმე ბრალდებები არსებობს და არც რომელიმე სხვა თანამდებობის პირი, კანონზე მაღლა არ უნდა დადგეს. დემოკრატია იზომება სწორედ იქ, თუ რამდენად პატივს სცემს ქვეყნის ხელისუფლება კანონის წინაშე თანასწორუფლებიანობის პრინციპს.
ჩვენი უცხოელი კოლეგები გვეუბნებოდნენ და ყოველწლიურ ანგარიშებში იწერებოდა, რომ გამოუძიებელი იყო 7 ნოემბრის დარბევა და სისასტიკე, რაც მაშინ ხელისუფლებამ გამოიჩინა. სისტემური დანაშაულის ნაწილი იყო პატარკაციშვილის ქონების ხელში ჩაგდებაც, რაც იყო ორგანიზებული ქმედება განხორციელებული სხვადასხვა სახელმწიფო სტრუქტურების მონაწილეობით და ეს ხდებოდა მაშინდელი ხელისუფლების პირველი პირების დავალებით”, – აღნიშნა ეკა ბესელიამ.