საქსტატი: საქართველოში უმუშევრობის დონე 1.4 პროცენტით, 19 პროცენტამდე შემცირდა
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2021 წლის IV კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონე წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 1.4 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 19.0 პროცენტი შეადგინა.
საქსტატის ცნობით, საანგარიშო პერიოდში სამუშაო ძალამ შრომისუნარიანი ასაკის მოსახლეობის 51.2 პროცენტი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 1.2 პროცენტული პუნქტით მეტია, ხოლო დასაქმების დონე გაზრდილია 1.7 პროცენტული პუნქტით და 41.5 პროცენტს შეადგენს. სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე ქალაქის ტიპის დასახლებებში შემცირდა 0.3 პროცენტული პუნქტით, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში გაიზარდა 3.1 პროცენტული პუნქტით. დასაქმების დონე ქალაქის ტიპის დასახლებებში გაიზარდა 0.9 პროცენტული პუნქტით, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში – 2.7 პროცენტული პუნქტით.
ამასთან, უწყების მონაცემებით, გასული წლის IV კვარტალში დაქირავებულთა წილი დასაქმებულთა საერთო რაოდენობის 67.6 პროცენტს შეადგენდა, რაც 0.4 პროცენტული პუნქტით მეტია წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით.
2021 წლის IV კვარტალში უმუშევრობის დონე საქალაქო დასახლებებში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით შემცირდა 2.1 პროცენტული პუნქტით, ხოლო სასოფლო დასახლებებში – 0.2 პროცენტული პუნქტით.
საქსტატის ინფორმაციით, უმუშევრობის დონე ტრადიციულად მაღალია კაცებში, ქალებთან შედარებით. 2021 წლის IV კვარტალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, აღნიშნული მაჩვენებელი ქალებში შემცირებულია 1.0 პროცენტული პუნქტით, ხოლო კაცებში – 1.7 პროცენტული პუნქტით. ხოლო, სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე ქალებთან შედარებით მაღალია კაცებში. 2021 წლის IV კვარტალში აღნიშნული მაჩვენებელი ქალებში 40.9 პროცენტს, ხოლო კაცებში 63.1 პროცენტს შეადგენდა. წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე ქალებში გაზრდილია 1.4 პროცენტული პუნქტით, ხოლო კაცებში – 1.1 პროცენტული პუნქტით.
ამასთან, უწყების მონაცემებით, 2021 წლის IV კვარტალში დასაქმების დონე როგორც ქალებში, ასევე კაცებში გაზრდილია წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, შესაბამისად 1.5 და 1.9 პროცენტული პუნქტით.