ნათია მერებაშვილი: სამართალწარმოების ყველა სტადიაზე შშმ პირების თანასწორუფლებიანი, სრულფასოვანი მონაწილეობა მნიშვნელოვანია

საქართველოს პროკურატურამ 2021 წელს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მიმართ ჩადენილი დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის, შშმ პირთა სისხლის სამართლის მართლმსაჯულებისადმი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის და სისხლის სამართლის პროცესში მონაწილე შშმ პირების უფლებების დაცვის მიმართულებით არაერთი ქმედითი ნაბიჯი გადადგა – ამის შესახებ საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილემ ნათია მერებაშვილმა საპროკურორო საბჭოსთვის საქართველოს პროკურატურის საქმიანობის 2021 წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

როგორც ნათია მერებაშვილმა განაცხადა, საქართველოს გენერალური პროკურორის 2021 წლის 30 მარტის ბრძანებით დამტკიცდა “საქართველოს პროკურატურის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის 2021 წლის სამოქმედო გეგმა”, რომლის თანახმად, 2021 წელს საქართველოს პროკურატურის მიზნებს წარმოადგენდა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის სისხლის სამართლის მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდა, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ექსპლუატაციისგან, არასათანადო მოპყრობისგან და დისკრიმინიციისგან დაცვა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მიმართ ჩადენილ დანაშაულებზე ეფექტიანი რეაგირება.

„ამ მიზნების მისაღწევად საქართველოს პროკურატურამ ოთხი ამოცანა შეასრულა. კერძოდ, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებისა და მათთან კომუნიკაციის თემაზე პროკურატურის თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლება; შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების, მათი საჭიროებების გათვალისწინებით, გონივრული მისადაგების უზრუნველყოფა სისხლის სამართლის საქმისწარმოების პროცესში; შეზღუდული შესაძლებლობის მქონე არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებისადმი ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის და შეზღუდული შესაძლებლობის ნიშნით დისკრიმინაციით მოტივირებული დანაშაულის ეფექტიანი სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელება” – აღნიშნა გენერალური პროკურორის მოადგილემ.

მისი თქმით, 2021 წელს საქართველოს გენერალური პროკურორის ბრძანებით პროკურორებისთვის და სისტემის გამომძიებლებისთვის დამტკიცდა ორი სახელმძღვანელო მითითება: შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოწმესთან, დაზარალებულსა და ბრალდებულთან მუშაობის სტანდარტები და მეთოდიკა; შეზღუდული შესაძლებლობის მქონე არასრულწლოვან მოწმესთან, დაზარალებულსა და ბრალდებულთან მუშაობის სტანდარტები და მეთოდიკა. სახელმძღვანელო მითითებების მიზანია პროკურორისა და გამომძიებლის საქმიანობის წარმართვა შეზღუდული შესაძლებლობის, მათ შორის ფსიქიკური და ინტელექტუალური დარღვევის მქონე პირთა ინდივიდუალური საჭიროებებისა და ინტერესების გათვალისწინებით, სამართალწარმოების ყველა სტადიაზე მათი თანასწორუფლებიანი, სრულფასოვანი და ეფექტიანი მონაწილეობა.

სახელმძღვანელო მითითებები სრულად შეესაბამება „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციით” დადგენილ სტანდარტებს და განკუთვნილია პროკურორებისა და პროკურატურის გამომძიებლების მიერ ფუნქციების ეფექტიანიად შესრულებისთვის. როგორც ნათია მერებაშვილმა განაცხადა, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების და მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის მიმართულებით სხვა არაერთი ღონისძიება გაიმართა, მათ შორის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის პოპულარიზაციის, დაცვისა და იმპლემენტაციის მონიტორინგის საკონსულტაციო საბჭოსთან, შშმ თემის წარმომადგენლებთან და სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლებთან კომუნიკაციის, ისე კვალიფიკაციის ამაღლებისა და უნარ-ჩვევების გაუმჯობესების მიმართულებით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები