„ის, რომ სოციალურად დაუცველებს  მუშაობის დაწყების   შემთხვევაში დახმარება  არ  მოეხსნებათ,  ძალიან მნიშვნელოვანია“ –  „დამსაქმებელთა ასოციაცია“ ახალ ინიციატივას აფასებს    

პრემიერმინისტრის განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ  სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს,  რომლებიც ახალი  პროგრამით  დაიწყებენ მუშაობას,  გარკვეული პერიოდის განმავლობაში სოციალური დახმარება  არ  მოეხსნებათ,  ძალიან მნიშვნელოვანია. ეს ჩვენთვის, კერძო სექტორისთვის სერიოზული გადაწყვეტაა, – ამის შესახებ „საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის“ პრეზიდენტმა, ელგუჯა მელაძემ  მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში სტუმრობისას  განაცხადა.

მელაძემ საზოგადოებრივი სამუშაო ადგილების შექმნის და სოციალურად დაუცველი შრომისუნარიანი მოქალაქეების დასაქმების ინიციატივა შეაფასა.

ელგუჯა მელაძის  თქმით,  იყო შემთხვევები, როცა დამსაქმებელი სოციალურად დაუცველ პირს სამუშაო ადგილს სთავაზობდა, სოციალურად დაუცველი მოქალაქის  მხრიდან კი დგებოდა  გარკვეული მოთხოვნა,   რომ მისთვის თანხა ხელზე გადაეხადათ.  როგორც მელაძემ განაცხადა, ასეთ ვითარებაში შრომითი ურთიერთობები ვერ დგებოდა.

„ზოგადად,  შრომის ბაზარი, დასაქმების პოლიტიკა ყველა ქვეყანაში აქტუალური თემაა. გარკვეული კრიზისების შემდეგ, მით უმეტეს, პოსტკოვიდის პერიოდში შრომის ბაზრის მოთხოვნებიდან გამომდინარე სწორად ორიენტაცია ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. რასაკვირველია, შრომის ბაზარზე გარკვეული დაძაბულობები ყოველთვის არსებობს. მხედველობაში მაქვს მოთხოვნა-მიწოდების დისბალანსი, რომელიც ჩვენი ქვეყნისათვის ასე დამახასიათებელია. ამისთვის არსებობს მექნიზმები, რომლებიც გარკვეულწილად ამ დაძაბულობას  ხსნის, არსებობს სახელმწიფო პროგრამები, კერძო სექტორსა და სახელმწიფო სტრუქტურებს შორის თანამშრომლობის მექნიზმები  და, ზოგადად, დასაქმების პოლიტიკა. მათ  შორის, დასაქმების აქტიურ პოლიტიკას  გამოვყოფდი,  რაზეც ახლაა საუბარი. დასაქმების აქტიური პოლიტიკა,  ცხადია, მოიაზრებს იმ საზოგადოებრივ სამუშაოებს, რაზეც მთავრობის მხრიდან გაცხადდა. ეს გადაწყვეტილებები იმ  რეალობის ანალიზს ეფუძნება, რომელიც ჩვენ დღეს  შრომის ბაზარზე გვაქვს.  საერთაშორისო შეფასებებით რომ შევხედოთ, შრომის ბაზარზე გვყავს დაბალკონკურენტუნარიანი  სამუშაო ძალა,  რომელშიც  სხვადასხვა კატეგორია გადის, მათ შორის, ესენი შეიძლება,  იყვნენ  საპენსიო ასაკს მიღწეული ადამიანები, ახალგაზრდები, რომლებიც შრომის ბაზარზე პირველად გადიან  და სხვები. ერთერთი დიდი და მნიშვნელოვანი  კატეგორია არიან  ის ადამიანები, რომელიც გარკვეული წლების მანძილზე არ მუშაობდნენ და ასევე ისინი,  რომლებიც დღეისათვის სოციალურ გარანტიებზე არიან. საერთაშორისო პოლიტიკაა, რომ ყველგან აქცენტი  სწორედ   ამ ადამიანების  ეკონომიკურ საქმიანობაში ჩაბმაზე,  მათ დასაქმებაზე  უნდა იყოს  გაკეთებული. მაგრამ აქ სხვა პრობლემა  არსებობს: როგორც თავში მოგახსენეთ, ესაა შრომის ბაზრის მოთხოვნებსა და მიწოდებას შორის შეუსაბამობა.  ეს პროფესიულ მომზადებას, სამუშაოს მაძიებელი ადამიანების პროფესიული უნარების ქონა-არქონას უკავშირდება.  ამდენად, სახელმწიფო სტრუქტურები და  კერძო სექტორი მოწოდებულია იმისათვის, რომ  ხელშეწყობის მექნიზმები განახორციელოს.  ზოგადად,  საზოგადოებრივი სამუშაოები მაღალკვალიფიციურ სპეციალისტებს არ მოითხოვს. ეს სწორედ იმიტომ ხდება,  რომ შრომის ბაზარზე  იმ ადამიანების ადაპტირება,  რომელთა დიდი ნაწილი,  სამწუხაროდ, სოციალური დახმარების მიმღებია, რაც შეიძლება სწრაფად მოვახდინოთ.  ეკონომიკისთვის, ქვეყნისთვის უკეთესია,  რომ ეს ადამიანები  შრომით საქმიანობაში იყვნენ ჩაბმულები,  შემოსავალი მიიღონ.

აქ კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია, რაზეც არაერთხელ  გვისაუბრია:  ადამიანებს მოტივაცია უნდა ჰქონდეთ,   რომ იმუშაონ, დასაქმდნენ,  დოვლათი შექმნან  და ეკონომიკურ საქმიანობაში მონაწილეობა მიიღონ. ის ადამიანები, რომლებიც დღესდღეობით სოციალურ დახმარებას იღებენ,   მოტივირებულნი არ არიან, ეკონომიკურ საქმიანობაში იყვნენ ჩართულები.   დამსაქმებლები ამ პრობლემის წინაშე ხშირად ვდგებით.  პრემიერს ის  განცხადება,  რომ ადამიანები 4 წლის განმავლობაში, მიუხედავად იმისა, ამ პროგრამის ფარგლებში დასაქმდებიან,  თუ არ დასაქმდებიან, სოციალურ დახმარებას მაინც მიიღებენ, ამ პრობლემაზე  პასუხია.  მთავარი პრობლემა ჩვენს ახალგახსნილ საწარმოებში, განსაკუთრებით –  რეგიონებში, ყოველთვის ის იყო,  რომ  როცა დამსაქმებელი  სამუშაო ადგილს სთავაზობდა, იქ  გარკვეული მოთხოვნა დგებოდა,  რომ,  იქნებ, თანხა ხელზე გადაეხადათ. სამუშაო ადგილზე ოფიციალურად  გაფორმებას ერიდებოდნენ, რასაც  დამსაქმებელი ვერ გააკეთებს. მან შრომითი ურთიერთობები ოფიციალურად უნდა განახორციელოს. ასეთ ვითარებაში შრომითი ურთიერთობები არ დგებოდა.  სამუშაო ძალასთან, კადრთან,  სპეციალისტთან დაკავშირებით სერიოზული პრობლემა იყო, განსაკუთრებით –  რეგიონებში.

პრემიერმინისტრის განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ  სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს,  რომლებიც ახალი  პროგრამით  დაიწყებენ მუშაობას,  გარკვეული პერიოდის განმავლობაში სოციალური დახმარება  არ  მოეხსნებათ,  ძალიან მნიშვნელოვანია. ეს ჩვენთვის, კერძო სექტორისთვის სერიოზული გადაწყვეტაა. აღნიშნული ძალიან მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ დღეიდან შეგვიძლია, ამ ადამიანებთან  თამამ შრომით ურთიერთობებში შევიდეთ. საკითხი იმისა, ხელფასი ოფიციალურად უნდა გამოვწეროთ თუ არა, საერთოდ არ დადგება. თავის შემოსავალი ყველას ოფიციალურად დაუფიქსირდება“, – განაცხადა ელგუჯა მელაძემ.

ცნობისთვის,  საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა გუშინდელ მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ პირველი მარტიდან  სოციალური შემწეობის მიმღებ შრომისუნარიან პირებზე ორიენტირებული დასაქმების აქტიური პოლიტიკა, საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების მასშტაბური პროგრამა დაიწყება.

პრემიერის თქმით, შრომისუნარიან ადამიანებს სჭირდებათ არა შემწეობა, არამედ, დასაქმება და საკუთარი თავის რეალიზება.

„რამდენიმე კვირის წინ მე ღიად ვისაუბრე ამ საკითხზე. ეს არის ინიციატივა, რომელიც შეეხება საზოგადოებრივი სამუშაო ადგილების შექმნას საქართველოში და სოციალურად დაუცველი შრომისუნარიანი მოქალაქეების დასაქმებას. ამ მიზნით, ჩვენ ნოემბერში დავიწყეთ მუშაობა. ბატონი ლევან დავითაშვილის ხელმძღვანელობით, მე გუნდი გავგზავნე ევროპის რამდენიმე ქვეყნის მაგალითის დასამუშავებლად. ჩვენ შევისწავლეთ კარგად, თუ როგორ მუშაობდა ევროპაში აღნიშნული ინიციატივა და დღეს გვაქვს მზაობა, რომ დავიწყოთ ეს ინიციატივა. მინდა, მოსახლეობას განვუმარტო, რას გულისხმობს ეს ინიციატივა. მოგეხსენებათ, რომ ჩვენი მთავარი ამოცანაა სიღარიბის დაძლევა და სამუშაო ადგილების შექმნა. ჩვენ უნდა შევცვალოთ სოციალური პოლიტიკა და კარგად ვიცით, რომ გზა სიღარიბის დაძლევისკენ ახალი სამუშაო ადგილების შექმნაზე გადის. ამიტომ, ჩვენ წელს უნდა დავიწყოთ აქტიური დასაქმების პოლიტიკა. ეს იქნება ჩვენი მთავარი საზრუნავი. მე შევახსენებ საზოგადოებას, რომ დღემდე არსებული სოციალური პოლიტიკა, შრომისუნარიან, სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს უნდა ითქვას, რომ უმოქმედობას უბიძგებს. 600 000 სოციალურად დაუცველი მოქალაქიდან 200 000-მდე მეტი შრომისუნარიანია. ანუ 200 000 შრომისუნარიანი მოქალაქე არ არის ჩართული ჩვენი ქვეყნის მშენებლობაში, ეკონომიკაში არ მონაწილეობს და არიან აბსოლუტურად დემოტივირებულები, რომ დასაქმდნენ ლეგალურად. ამიტომ, ჩვენ უნდა დავეხმაროთ სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს, ბავშვებს, შშმ პირებს, ყველას, ვისაც ეს სჭირდებათ, მაგრამ შრომისუნარიან ადამიანებს სჭირდებათ არა შემწეობა, არამედ, დასაქმება, ამოქმედება, საკუთარი თავის რეალიზება. თითოეული ოჯახის კეთილდღეობისთვის, ქვეყნის განვითარებისთვის აუცილებელია, რომ შრომისუნარიანი მოქალაქეები, ყველა, ვისაც ეს შეუძლია, ჩაერთოს ეკონომიკურ პროცესში. ამიტომ, ამ მიზნით, ჩვენ ამ პროცესს დავიწყებთ პირველი მარტიდან და ვიწყებთ სოციალური შემწეობის მიმღებ შრომისუნარიან პირებზე ორიენტირებულ დასაქმების აქტიურ პოლიტიკას, საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების მასშტაბურ პროგრამას“, – განაცხადა პრემიერმა.

როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, საზოგადოებრივი სამუშაოები სპეციალურად სამიზნე ჯგუფებისთვის შეიქმნება.

“ჩვენი მოქალაქეებისთვის მინდა დეტალურად განვმარტო – საზოგადოებრივი სამუშაოები სპეციალურად სამიზნე ჯგუფებისთვის შეიქმნება და ისეთ სამუშაოს გულისხმობს, რომლის შესრულებაც ნებისმიერი კვალიფიკაციის მქონე პირს შეუძლია.

მინდა აღვნიშნო ხაზგასმით – საზოგადოებრივი სამუშაო არ განაპირობებს სოციალური დახმარების შეწყვეტას. მოსარგებლის ოჯახს 4 წლის განმავლობაში შეუნარჩუნდება საარსებო შემწეობა. ის დახმარება, რასაც ის დღეს იღებს, მიეცემა მომდევნო 4 წლის განმავლობაში და ჩვენ ამას არ შევეხებით. ამ პროგრამაში ჩართულ თითოეულ მოქალაქეს მიეცემა დამატებით 300 ლარი.” – განაცხადა პრემიერმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები