“კლოუნადის დრო დასრულდა” – კადიროვი ზელენსკის მიმართავს

ჩეჩნეთის ხელმძღვანელად კრემლის მიერ ხელდასმული, რამზან კადიროვი უკრაინის მოსახლეობას და პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართავს.

როგორც მან ტელეგრამ-არხზე დაწერა: “ბატონო ზელენსკი! კლოუნადის დრო დასრულდა. დადგა დრო, შეასრულოთ საკუთარი ხალხის წინაშე აღებული მოვალეობა, რომ თავიდან ავიცილოთ შეუქცევადი შედეგები”, – დაწერა მან და აღნიშნა, რომ დღეს, “როგორც არასდროს, აუცილებელია “მინსკის შეთანხმებების” შესრულება.

მან ასევე გაიხსენა, რომ არც რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს და არც რუსებს არ სურთ კონფლიქტის ესკალაცია.

„თქვენ, როგორც კონსტიტუციისა და თქვენი ხალხისა და სახელმწიფოს უსაფრთხოების გარანტი, უბრალოდ, ვალდებული ხართ, გააკეთოთ ყველაფერი, რაც თქვენგან არის დამოკიდებული მშვიდობის დასამყარებლად“, – დაწერა მან.

უკრაინელი ხალხისადმი მიმართვაში კადიროვმა აღნიშნა, რომ ძალიან უყვარს ეს ქვეყანა.

„სსრკ-ს ისტორიის კურსიდან, რომელიც სკოლაში მოვისმინე, ვიცი, რომ რუსული სახელმწიფოებრიობისა და მართლმადიდებლობის აკვანი, კიევის რუსეთია. რუსები და უკრაინელები ერთი სლავური ხალხია, საერთო ისტორიით, კულტურით და რელიგიით. ვერასდროს დავიჯერებ, რომ უკრაინელები თავს „დასავლური სამყაროს“ ნაწილად თვლიან, მთელი თავისი დეგენერაციული „ღირებულებებით“ და რუსოფობიური ისტერიით“, – აღნიშნა მან.

კადიროვმა იმედი გამოთქვა, რომ უკრაინელები ისტორიულ სამართლიანობას აღადგენენ „გარედან ყოველგვარი დახმარების გარეშე“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები