ორსული ცოლის მკვლელობაში ბრალდებული: თავს დამნაშავედ ვცნობ, მაგრამ მკვლელობა განზრახული არ მქონია
ამ წუთებში, თბილისის საქალაქო სასამართლოში ორსული ცოლის მკვლელობაში ბრალდებულ გოგა გზირიშვილის წინასასამართლო პროცესი მიმდინარეობს.
ბრალდებული დანაშაულს აღიარებს, თუმცა, ბრალის კვალიფიკაციას არ ეთანხმება.
„დამნაშავედ ვცნობ თავს, მაგრამ მკვლელობა განზრახული არ მქონია. მოვკალი, კი, მე დავრეკე პოლიციაში და ვაღიარე, განზრახ არ მინდოდა”, – განაცხადა გზირიშვილმა.
დღევანდელ პროცესზე გადაწყდება, აირჩევს თუ არა ბრალდებული გზირიშვილი ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს.
ცნობისთვის, 22 დეკემბერს თბილისში, ბრალდებულმა გოგა გზირიშვილმა განზრახ მოკვლის მიზნით, დანით ორსულ მეუღლეს – ქეთა კეპულაძეს განსაკუთრებული სისასტიკით, სხეულის სხვადასხვა არეში 30 ჭრილობა მიაყენა, რის შედეგადაც დაზარალებული შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.
გზირიშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ვ“ ქვეპუნქტებით და მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა, დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით ორსული ქალის, ოჯახის წევრის მიმართ, ჩადენილი განსაკუთრებული სისასტიკით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16 წლიდან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.