ევროპასა და აშშ-ის ზოგიერთ შტატში კორონავირუსზე შეზღუდვებს ასუსტებენ ან მთლიანად აუქმებენ. ამასთან, ჯანმო აფრთხილებს, რომ პანდემია ჯერ არ დასრულებულა, მეცნიერები კი არ გამორიცხავენ, რომ ახალი შტამი, რომელიც „ომიკრონის“ შემდეგ მოვა, გაცილებით დამაზიანებელი აღმოჩნდეს, ვიდრე – მისი წინამორბედები.
ამის შესახებ The Guardian-ი წერს.
წამყვანი ბრიტანელი მეცნიერები აცხადებენ, რომ COVID-19-ის მომავალი ვარიანტი შეიძლება, იყოს ბევრად უფრო საშიში და გამოიწვიოს მეტი სიკვდილი და სერიოზული ავადმყოფობის შემთხვევები.
ექსპერტები მიიჩნევენ, რომ საჭიროა სიფრთხილის გამოჩენა შეზღუდვების მოხსნისას და მთავრობებს სთხოვენ, დაასაბუთონ აკრძალვების მოხსნის გადაწყვეტილება.
ედინბურგის უნივერსიტეტის ეპიდემიოლოგმა, პროფესორმა, მარკ ვულჰაუსმა ხაზი გაუსვა ფართოდ გავრცელებული რწმენის საშიშროებას, რომ, “ომიკრონის” მსგავსად, სხვა ვარიანტებიც უფრო მსუბუქი გავლენის იქნებიან.
”ომიკრონი” არ წარმოქმნილა “დელტასგან”. ის წარმოიქმნა ვირუსის გენეოლოგიის სრულიად განსხვავებული ნაწილიდან. რადგან ჩვენ არ ვიცით, საიდან მოდის ახალი ვარიანტი, ჩვენ არ შეგვიძლია, ვიცოდეთ, რამდენად პათოგენური შეიძლება, ის იყოს. ის შეიძლება, იყოს ნაკლებად პათოგენური, მაგრამ ასევე შეიძლება, იყოს უფრო პათოგენური“, – თქვა მან.
ამ მოსაზრებას იზიარებს იორიკის უნივერსიტეტის ვირუსოლოგი, პროფესორი, ლოურენს იანგი.
მისი თქმით, „ხალხი, როგორც ჩანს, ფიქრობს, რომ იყო ვირუსის ევოლუცია “ალფადან” “ბეტამდე”, “დელტადან” “ომიკრონამდე”. მაგრამ ეს უბრალოდ ასე არ არის. მოსაზრება, რომ ვირუსული ვარიანტები აუცილებლად უფრო რბილი გახდება, არ არის სწორი. ახალი შეიძლება, იყოს უფრო პათოგენური, ვიდრე, მაგალითად, “დელტა” ვარიანტი“.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სპეციალური წარმომადგენელი COVID-19-ის საკითხებში, დოქტორი დევიდ ნაბარო ასევე ხაზს უსვამს გაურკვევლობას, თუ როგორ შეიძლება, მოიქცნენ სამომავლო ვარიანტები.
„ომიკრონის” შემდეგ მეტი ვარიანტი იქნება და თუ ისინი უფრო გადამდები იქნებიან, ისინი დომინანტები გახდებიან. გარდა ამისა, მათ შეიძლება, გამოიწვიონ სხვადასხვა სახის დაავადება, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, შეიძლება, იყოს უფრო მომაკვდინებელი ან გრძელვადიანი შედეგების მომტანი“, – ამბობს ნაბარო.