მამუკა მდინარაძე – განსაკუთრებით შთამბეჭდავია შსს-ს შედეგები, მხოლოდ ბოლო ორ თვეში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებითაც კი, თითქმის გაორმაგდა დანაშაულის გახსნისა და გამოვლენის შედეგები, სხვადასხვა დანაშაულის ჩადენისათვის ბრალი წარედგინა 6000-ზე მეტ ადამიანს, საიდანაც 500-ზე მეტი დაკავებული ნარკორეალიზატორი და ნარკორეალიზაციაში ჩართული პირია
განსაკუთრებით შთამბეჭდავია შედეგები, რომელიც აქვს შინაგან საქმეთა სამინისტროს. აქაც, მხოლოდ ბოლო ორ თვეში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებითაც კი, თითქმის გაორმაგდა დანაშაულის გახსნისა და გამოვლენის შედეგები, – ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა მამუკა მდინარაძემ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, სხვადასხვა დანაშაულის ჩადენისათვის ბრალი წარედგინა 6000-ზე მეტ ადამიანს, საიდანაც 500-ზე მეტი დაკავებული ნარკორეალიზატორი და ნარკორეალიზაციაში ჩართული პირია.
„ამ პერიოდის განმავლობაში, შსს-მ დააკავა და პასუხისგებაში მისცა 100-მდე პირი ქურდულ სამყაროსთან დაკავშირებულ დანაშაულებზე. უწყება, სამართალდამცავი სისტემის ახალი მიდგომის შესაბამისად, დანაშაულის გახსნისა და გამოვლენის პარალელურად განსაკუთრებული წარმატებით მუშაობს დანაშაულის პრევენციაზე ე.წ. რეალურ დროში, რისი შედეგებიც უკვე აშკარად შესამჩნევი ხდება.
ცალკე აღნიშვნას იმსახურებს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმატებული ბრძოლა არასრულწლოვნების ტრეფიკინგის წინააღმდეგ, მოგეხსენებათ, დღეს იყო ამასთან დაკავშირებით კიდევ ერთი ბრიფინგი. უმძიმესი სანახავია ბრალდებულების მხრიდან საკუთარი არასრულწლოვანი შვილების ტრეფიკინგის დანაშაულებრივ სქემაში ჩართვა, თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტრო მსგავსი დანაშაულის მაქსიმალურ პრევენციასაც უზრუნველყოფს.
ბოლო დღეებში, უპრეცედენტოდ მასშტაბური საქმე გახსნა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმაც, რომელიც სააფთიაქო ნარკომანიის წლების განმავლობაში აწყობილ დანაშაულებრივ სქემას შეეხებოდა,”- აღნიშნა ვიცე-პრემიერმა.