მექსიკაში წელს უკვე მეხუთე ჟურნალისტი მოკლეს

მექსიკაში, ოაჰაკას შტატში ჟურნალისტი ჰებერ ლოპეს ვასკესი გვიან ღამით მოკლეს, დაკავებულია ორი პირი.

ამის შესახებ შტატის პროკურორმა, არტურო პეიმბერტმა Milenio TV-სთან ინტერვიუში თქვა.

მედიის ინფორმაციით, ჟურნალისტი მანქანაში ჩაჯდომისას მოკლეს.

ორი სავარაუდო მკვლელი ცხელ კვალზე დააკავეს.

წლის დასაწყისიდან, მექსიკაში ეს ჟურნალისტის მეხუთე მკვლელობაა.

იანვრის ბოლოს, მედიის წარმომადგენლის მორიგი მკვლელობის შემდეგ, ჟურნალისტებმა ქვეყნის 40 ქალაქში გამართეს პიკეტები და საპროტესტო აქციები უსაფრთხოებისა და დანაშაულების გამოძიების მოთხოვნით, რომლებიც თითქმის ყოველთვის დაუსჯელი რჩება.

თავისუფალი სიტყვის წინააღმდეგ დანაშაულთან ბრძოლის სპეციალურმა პროკურატურამ, ხუთი წლის განმავლობაში, 1140-ზე მეტი სამართალდარღვევის საქმე გახსნა და მხოლოდ 10 გამამტყუნებელი განაჩენის მიღება შეძლო. დაუსჯელობის მაჩვენებელი ყველა ამ საქმეში 99%-ს აჭარბებს.

უფლებადამცველი ორგანიზაცია Articulo 19-ის მონაცემებით, 2021 წელს მექსიკაში შვიდი ჟურნალისტი მოკლეს, რაც მსოფლიოში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები