თამარ ტალიაშვილმა მონტენეგროს საპარლამენტთაშორისო მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელთან ონლაინ შეხვედრა გამართა

საქართველო-მონტენეგროს საპარლამენტთაშორისო მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელმა, თამარ ტალიაშვილმა მონტენეგრო-საქართველოს საპარლამენტთაშორისო მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელთან, მონტენეგროს პარლამენტის ვიცეპრეზიდენტ ბრანკა ბოსნიაკთან ონლაინ შეხვედრა გამართა.

პარლამენტის ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოსა და მონტენეგროს პოზიციების გამყარებისა და პრიორიტეტულობის საკითხები.

თამარ ტალიაშვილმა ისაუბრა საქართველოს პარლამენტის მიერ უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის მიღებასა და რუსეთის აგრესიიდან მომდინარე საფრთხეებზე რეგიონში. მან ასევე გააცნო კოლეგას ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება და ისაუბრა იმასთან დაკავშირებით, რომ ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გასულ წელს მიიღო გადაწყვეტილება, რომლითაც აღიარებულ იქნა რუსეთის მიერ 2008 წელს საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია.

ბრანკა ბოსნიაკმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი მხარდაჭერა დაადასტურა. მხარეები შეთანხმდნენ თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით კონკრეტული სამოქმედო გეგმა შეიმუშაონ. მიმდინარე წელს ვიზიტების განხორციელება და ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმება დაიგეგმა. შეხვედრაზე ისაუბრეს საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებზე და ამ მიმართულებით გაწეულ საქმიანობაზე.

თამარ ტალიაშვილმა მადლობა გადაუხადა კოლეგას ნატო-ს და გაეროს ფორმატებში საქართველოს მხარდაჭერისათვის. მხარეებმა ისაუბრეს განათლებისა და კულტურის მიმართულებით ქვეყნებს შორის კავშირების გაძლიერებაზე. დაიგეგმა 2022 წლის განმავლობაში ერთობლივი სექტორალური კონფერენციის გამართვა. შეხვედრაში მონაწილეობდნენ საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი მონტენეგროში – ზაალ გოგსაძე და საქართველოს საელჩოს პირველი მდივანი – რევაზ გურგენიძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები