საქსტატი: ევროპული მეთოდოლოგიით, იანვარში ინფლაციამ 12.7% შეადგინა, რაც 1.2%-ით ნაკლებია ეროვნული მეთოდოლოგიით დაანგარიშებულ მაჩვენებელზე
საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა ახალი ინდიკატორის – სამომხმარებლო ფასების ჰარმონიზებული ინდექსის გამოქვეყნება დაიწყო. ამ მეთოდოლოგიით, 2022 წლის იანვარში ინფლაციამ 12.7 პროცენტი შეადგინა, რაც 1.2 პროცენტით ნაკლებია ეროვნული მეთოდოლოგიით დაანგარიშებულ 13.9-პროცენტიან ინფლაციაზე.
საქსტატის ცნობით, ევროპული მეთოდოლოგიით დათვლილი სტატისტიკის გამოქვეყნება 2022 წლიდან ყოველთვიურად იგეგმება.
„აღნიშნული მიმართულებით საქსტატმა მუშაობა 2020 წლის ოქტომბრიდან დაიწყო, ევროკავშირის პროგრამა Twinning-ის პროექტის ფარგლებში, ხოლო მისი გამოქვეყნება, სტატისტიკურ სამუშაოთა 2022 წლის პროგრამის მიხედვით, დაგეგმილია ყოველთვიურად. HICP გამოიყენება, ძირითადად, ევროკავშირის წევრი ქვეყნების მიერ და წარმოადგენს ფასების სტაბილურობის უმნიშვნელოვანეს მაჩვენებელს. ის ეფუძნება ერთიან, ჰარმონიზებულ მეთოდოლოგიას და ამდენად, საქართველოს მიერ ამ ინდიკატორის წარმატებით დანერგვას დიდი მნიშვნელობა ენიჭება ევროკავშირის სტანდარტებთან დაახლოების თვალსაზრისით. სამომხმარებლო ფასების ჰარმონიზებული ინდექსის გაანგარიშება ეფუძნება ევროკავშირის მიერ შემუშავებულ მეთოდოლოგიურ სახელმძღვანელოს და რეგულაციებს, რომელთა ზედმიწევნით დაცვა სავალდებულოა ამ ინდიკატორის მწარმოებელი ყველა ქვეყნისთვის.
სამომხმარებლო ფასების ინდექსისგან (CPI) მას რამდენიმე მეთოდოლოგიური თავისებურება განასხვავებს, ძირითადად, სამომხმარებლო კალათის წონებისა და გამოყენებული კლასიფიკატორის ნაწილში. კერძოდ, HICP-ის შემთხვევაში სამომხმარებლო კალათის წონების გაანგარიშებისას გამოიყენება როგორც რეზიდენტების, ისე არარეზიდენტების მიერ ქვეყნის ტერიტორიაზე გაწეული ხარჯები, მაშინ როდესაც CPI-თვის გამოიყენება მხოლოდ რეზიდენტების მიერ გაწეული დანახარჯები, როგორც ქვეყანაში, ისე მის ფარგლებს გარეთ. რაც შეეხება კლასიფიკატორს, HICP-თვის გამოიყენება „დანიშნულების მიხედვით ინდივიდუალური მოხმარების კლასიფიკაციის“ ევროპული ვერსია – ECOICOP, რომელიც მცირედით განსხვავდება ამჟამად საერთაშორისო დონეზე მოქმედი COICOP-გან. ამასთან აღსანიშნავია, რომ სამომხმარებლო კალათის შემადგენლობა და გამოყენებული მიკრომონაცემები იდენტურია ორივე ინდექსისთვის. აუცილებელია, აღინიშნოს ისიც, რომ HICP არ შეცვლის აქამდე არსებულ სამომხმარებლო ფასების ინდექსს, რომელიც კვლავ გამოიყენება ინფლაციის მაჩვენებლის გაანგარიშებისთვის. ჰარმონიზებული ინდექსი წარმოადგენს დამატებით საანალიზო მაჩვენებელს და გამოყენებული იქნება საერთაშორისო შესადარისობის უზრუნველყოფისთვის.
რაც შეეხება ცალკეულ კომპონენტებს, ევროკავშირის HICP მეთოდოლოგიით, პროცენტული ცვლილება წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით ასე ნაწილდება: სურსათი და უალკოჰოლო სასმელები – 15.2%; ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო – 6.0%; ტანსაცმელი და ფეხსაცმელი – -1.4%; საცხოვრებელი სახლი, წყალი, ელექტროენერგია, აირი და სათბობის სხვა სახეები – 41.6%; ავეჯი, საოჯახო ნივთები და მორთულობა, სახლის მოვლა-შეკეთება – 11.8%; ჯანმრთელობის დაცვა – 6,9%; ტრანსპორტი – 13.4%; კავშირგაბმულობა – -0.6%; დასვენება, გართობა და კულტურა – 1.1%; განათლება – 3.9%; სასტუმროები, კაფეები და რესტორნები – 15.7%; სხვადასხვა საქონელი და მომსახურება – 5.8%”, – ნათქვამია საქსტატის გავრცელებულ ინფორმაციაში.