გოჩა მეზვრიშვილი: „ჯორჯიან ეარვეისის“ მფრინავი მიხეილ ჩანადირი, მისი მაღალი პროფესიონალიზმითა და გამოვლენილი საფრენოსნო თვისებებით, ნამდვილი გმირია, რის გამოც საყოველთაო მადლობას იმსახურებს
„ჯორჯიან ეარვეისის“ მფრინავი მიხეილ ჩანადირი, მისი მაღალი პროფესიონალიზმითა და გამოვლენილი საფრენოსნო თვისებებით, ნამდვილი გმირია, რის გამოც საყოველთაო მადლობას იმსახურებს”,- ამის შესახებ საქაერონავიგაციის გენერალური დირექტორი, გოჩა მეზვრიშვილი აცხადებს.
მისივე თქმით, ჩანადირი გამოცდილი მფრინავია, რომელიც რთულ ამოცანებს ყოველთვის თავს ართმევს.
“მაღალი პროფესიონალიზმი – უსაფრთხოების გარანტია ბევრჯერ თქმულა და დაწერილა იმის შესახებ, რომ ქართული სამოქალაქო ავიასკოლა ერთ-ერთი უძლიერესი იყო მსოფლიოში. ქართველი მფრინავები, რომლებსაც მრავალჯერ უჩვენებიათ უმაღლესი საფრენოსნო პილოტაჟი, როგორც სპეციალისტები, ტოლს არ უდებდნენ დიდ საავიაციო სახელმწიფოებში აღზრდილ მათ კოლეგებს. ა/წ 31 იანვარს ამსტერდამის აეროპორტში ურთულესი მეტეოროლოგიური პირობების გამო (შტორმული ქარი და წვიმა) ორასსამოცი რეისი გაუქმდა.
ქართული ავიაკომპანია ჯორჯიან ეარვეისის თვითმფრინავი „ბოინგ 737-700“ კი, რომელსაც უმაღლესი კლასის მფრინავი მიხეილ ჩანადირი (ხომალდის მეთაური) მართავდა, ამსტერდამის აეროპორტში უსაფრთხოდ დაეშვა. მიხეილ ჩანადირი, როგორც სხვა მისი კოლეგები, ბევრჯერ აღმოჩენილა რთულ პირობებში, მაგრამ იგი ყოველთვის ფლობდა სიტუაციას და, მის დიდ ცოდნასა და გამოცდილებაზე დაყრდნობით, თავს ყოველთვის ართმევდა რთული ამოცანების გადაჭრას.
„ჯორჯიან ეარვეისში“ მაღალი პროფესიონალიზმის არსებობა იმის შედეგია, რომ აქ, ბევრი სხვა დარგისგან განსხვავებით, მოხერხდა სახელგანთქმული სკოლის შენარჩუნება და ახალი თაობის ისეთი მფრინავების აღზრდა, რომლებიც გვაოცებენ თავიანთი ოსტატობითა და ექსტრემალურ სიტუაციებში ყველაზე ოპტიმალური გამოსავლის სწრაფად მიგნების უნარით. სასიხარულოა, რომ „ჯორჯიან ეარვეისის“ მფრინავები დღემდე ინარჩუნებენ ძველ დიდებას. ახალი თაობის მფრინავები არათუ არ ჩამორჩებიან მათ სახელოვან წინამორბედებს, არამედ ბევრი თვისებით მათზე მაღლაც კი დგანან. გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ „ჯორჯიან ეარვეისის“ მფრინავი მიხეილ ჩანადირი, მისი მაღალი პროფესიონალიზმითა და გამოვლენილი საფრენოსნო თვისებებით, ნამდვილი გმირია, რის გამოც საყოველთაო მადლობას იმსახურებს”,- აცხადებს გოჩა მეზვრიშვილი.
ცნობისთვის, გუშინ რთულ მეტეოროლოგიურ პირობებში georgian airway-ის მფრინავმა, მიხეილ ჩანადირმა თვითმფრინავი, რომელიც თბილისი-ამსტერდამის რეისს ასრულებდა, უსაფრთხოდ დასვა.