რატომ გაუქმდა „მწვანე პასპორტის“ მოთხოვნის ვალდებულება – თამარ გაბუნიას განმარტება
„მწვანე პასპორტის“ ტექნიკური საფუძველი, გარკვეულწილად, „ომიკრონთან“ დაკავშირებული ფაქტორების გათვალისწინებით შესუსტდა – ინფექციის გადატანის სტატუსი, რეინფიცირება მაღალია „ომიკრონის“ პირობებში, ამდენად, ეს არ იცავს და არ არის გარანტია იმისთვის, რომ პირი იქნება უსაფრთხო იმ გარემოში, სადაც „მწვანე პასპორტი“ გამოიყენება”, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
მისი განმარტებით, “მწვანე პასპორტის” მოთხოვნის ვალდებულების გაუქმება დაწესებული რეგულაციების ან ვაქცინაციის კამპანიის შესუსტებას არ გულისხმობს.
„ვაქცინაციის შემთხვევაშიც, ვიცით, რომ ვაქცინაცია არის გარკვეულწილად დაცვა, მაგრამ ეს არ არის სრული დაცვა ინფიცირებისგან. დაცვა არის ჰოსპიტალიზაციისა და გართულებებისგან. „ომიკრონის“ შემთხვევაშიც ეს არის მნიშვნელოვანი. ამდენად, აქ ყველაზე ძლიერი ფაქტორი გამოდის ყოველდღიური PCR-ტესტირება, რაც პრაქტიკულად შეუძლებელია. ამდენად, ამ ფაქტორების გათვალისწინებით, ჩაითვალა, რომ სავალდებულო მოთხოვნა მოიხსნას, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ დაწესებული რეგულაციები ან ვაქცინაციის კამპანია შესუსტდეს“, – განაცხადა გაბუნიამ.