პარლამენტის ბიურომ “უკრაინაში შესაძლო სამხედრო ესკალაციის შესახებ რეზოლუციის პროექტზე” იმსჯელა
საქართველოს პარლამენტი, უკრაინაში შესაძლო სამხედრო ესკალაციის შესახებ რეზოლუციის პროექტს, საგაზაფხულო სესიის პირველივე კვირაში განიხილავს. ამის შესახებ, ბიუროს სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
ფრაქციის „ლელო” – პარტნიორობა საქართველოსთვის” თავმჯდომარის, ბადრი ჯაფარიძის განცხადებით იმისათვის, რომ რეზოლუციის პროექტი სარგებლობდეს სრული მხარდაჭერით, მასში უნდა ჩაიწეროს რუსეთის ფედერაცია.
„ამას გვთხოვს ჩვენ უკრაინის უმაღლესი რადა. მის მოწოდებაში ცალსახად და არაერთხელაა ხაზგასმული, რომ მკაცრად დაიგმოს რუსეთის ფედერაციის მოქმედებები უკრაინის მიმართ”, – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ. აღნიშნული მოსაზრება საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „რეფორმების ჯგუფის” – თავმჯდომარემ, ხათუნა სამნიძემ გაიზიარა. მან მადლიერება გამოხატა საპარლამენტო უმრავლესობის მიმართ რეზოლუციაზე ერთობლივად მუშაობის მზაობისთვის, თუმცა მისი განცხადებით ტექსტს აკლია – რუსეთი, როგორც აგრესორი.
„ამის საფუძველი არა მარტო უკრაინის რადას მოწოდება, არამედ ენტონი ბლინკენის განცხადებაა, რომელშიც ხაზგასმულია, რომ რუსეთი პირდაპირ ემუქრება როგორც საქართველოს, ასევე უკრაინის ევროატლანტიკურ მისწრაფებას. ეს არის აგრესია განახლებული, განმეორებითი და თუ შესაძლებელია, რომ ტექსტი შეიცვალოს ისე, რომ შევძლოთ მხარი დავუჭიროთ თქვენთან ერთად და ეს იყოს პარლამენტის ერთიანი პოზიცია”, – მიმართა ხათუნა სამნიძემ საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლებს. ფრაქციის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” – გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია” თავმჯდომარის, ხატია დეკანოიძის თქმით, თუ ამ რეზოლუციაში არ იქნება ჩაწერილი „რუსეთის ფედერაცია”, ეს რეზოლუცია აზრს კარგავს. „დღემდე ვთვლი, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ამ რეზოლუციის ერთობლივად მიღება. რეზოლუციის ტექსტი შეიცვალა – პირველი დოკუმენტი, რომელზეც მიუხედავად ჩვენი უარყოფითი პოზიციებისა, თანახმა ვიყავით კომპრომისზე”, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.
ფრაქცია „ქართული ოცნების” თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, შეხვედრაზე, რომელიც აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით შედგა, იყო აზრთა ასეთივე სხვადასხვაობა. „მინდა ყველამ იცოდეს, რომ ტესტის 4 სხვადასხვა ვერსია გვქონდა. საბოლოო ჯამში, შევეცადეთ დაგვედო ისეთი ტექსტი, რომელზეც შემომდავებელი არავინ იქნებოდა”, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
მისი თქმით, საპარლამენტო უმრავლესობა შეეცადა, ტექსტში ასახულიყო საქართველოს ეროვნული ინტერესი, უკრაინელი ხალხის სუვერენული უფლებებისა და ზოგადად, სუვერენიტეტის მკაფიო, გამოკვეთილი მხარდაჭერა, ომის არდაშვების ინტერესი. „თუ ნაციონალური მოძრაობა არ დაგვიჭერს მხარს, ეს დიდი უბედურება არ იქნება, რადგან მათი მხარდაჭერილი რეზოლუცია გვახსოვს, სადაც ქართველი სამხედროები დაადანაშაულეს ომის დაწყებაში და მათი რეზოლუციების მხარდაჭერის მოტივაციაც და პათოსიც კარგად ვიცით საეჭვო, დადასტურებული, თუ გამყარებული არგუმენტებით”, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, რეზოლუციის პროექტის შინაარსობრივი განხილვა საკომიტეტო მოსმენების ფარგლებში გაიმართება. „რაც შეეხება რეზოლუციის ტექსტის შინაარსს, კმაყოფილი ვარ, რომ ტექსტთან დაკავშირებით იმუშავეს როგორც დახურულ კარს მიღმა, ასევე, იქნება საჯარო განხილვაც კომიტეტის სხდომაზე. საბოლოო ჯამში, ფრაქციები შეთანხმდებიან რაღაც საკითხებზე, რაღაც საკითხებზე ვერ შეთანხმდებიან. მთავარია, რომ ეს პროცესი იყოს უზრუნველყოფილი”,- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
ბიუროს სხდომაზე, შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველო პარტნიორებთან მჭიდრო კოორდინაციით მოქმედებს. „უსაფრთხოების საკითხები ეხება არა მხოლოდ უკრაინას და საქართველოს, არამედ მთლიანად რეგიონს და ევროპას, ამიტომ, დღეს მთავარი ამოცანაა ახალი ომის არდაშვება და ამ პოზიციას, რომელიც ჩვენს სახელმწიფოს აქცს, სრულად იზიარებენ ჩვენი პარტნიორებიც”,- განაცხადა საკითხის განხილვისასა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.