ირაკლი ქადაგიშვილი: პოლიციელის მხრიდან ისეთი ქმედება, რაც გუშინ ვნახეთ, მიუღებელია

“მომხდარი ფაქტი აბსოლუტურად მიუღებელია და ამაზე სახელმწიფომ მყისიერი რეაგირება მოახდინა”, – ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ირაკლი ქადაგიშვილი მეტროში გადაღებულ ვიდეოს, რომელშიც ჩანს, რომ პოლიციელმა სმენადაქვეითებულ ახალგაზრდას სცემა.

მისივე თქმით, ხელისუფლება მოწოდებულია, რომ მოქალაქეების უფლებები დაცული იყოს.

„უპერსპექტივოა ოპოზიციის მცდელობა, ჩვეულებრივი კრიმინალური შემთხვევა სისტემურად გადააქციოს და ეს ქვეყანაში არეულობისა და რევოლუციის მოსახდენად გამოიყენოს. მომხდარი ფაქტი აბსოლუტურად მიუღებელია. სახელმწიფომ მყისიერი და ზუსტი რეაგირება მოახდინა, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ჩვენს სახელმწიფოში პოლიციელის მხრიდან ისეთი ქმედება, რაც გუშინ იქნა ჩადენილი, მიუღებელია. გამოძიება მიმდინარეობს და დაკავებული პირები სასამართლოს წინაშე წარდგებიან. ეს ხაზს უსვამს იმას, რომ ჩვენი ხელისუფლება მოწოდებულია, რომ მაქსიმალურად იქნას დაცული კანონიერება და მოქალაქის უფლება”, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

ცნობისთვის, გუშინ ერთ-ერთი ტელეკომპანიის მეშვეობით გავრცელდა მეტროში გადაღებული ვიდეო, რომელშიც ჩანს, რომ პოლიციელმა სმენადაქვეითებულ ახალგაზრდას სცემა. მომხდარ ფაქტზე ორი პოლიციელია დაკავებული.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები