თამარ გაბუნია: დღევანდელი მდგომარეობით, 102 ონლაინ კლინიკა ფუნქციონირებს – ცხელ ხაზზე გუშინ 5 600 ზარი დაფიქსირდა, რაც რეკორდული რაოდენობაა

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, დღევანდელი მდგომარეობით, ქვეყანაში 102 ონლაინ კლინიკა ფუნქციონირებს.

მისივე თქმით, 102 ონლაინ კლინიკა და 15 22-ის რესურსი საკმარისია, რომ ყველა ინფიცირებულს გაეწიოს მეთვალყურეობა.

„უკვე ამ კვირის განმავლობაში 102 ონლაინ კლინიკა გააქტიურდა. სულ ქვეყანაში დაახლოებით 2500 ოჯახის ექიმია განაწილებული როგორც სახელმწიფო სისტემაში, ასევე – კერძო დაწესებულებებსა და სადაზღვევო ქსელში. გარდა ამისა, მუშაობს ცენტრალური ონლაინ კლინიკა 15 22-ის სახით, ზარების რაოდენობა გუშინ გახლდათ 5600, რაც არის გარკვეულწილად რეკორდული რაოდენობა მთელი იმ პერიოდის განმავლობაში, რაც 15 22 მუშაობს, აქაც დაემატა რესურსი, გაორმაგდა ექიმების რესურსი და ჯერჯერობით დაყოვნების ხანგრძლივობა არის წუთი, შეიძლება იყოს მაქსიმუმ 3-4 წუთი. ამ ეტაპზე მართვადია ეს ყველაფერი, თუმცა, ოჯახის ექიმები აკეთებენ უკვე პრიორიტეტული ზარების გამოყოფას, რაც ნიშნავს იმ პირს, ვინც არის 65 წელს ზევით, აქვს ქრონიკული დაავადება და მთავარი ცვლილება ჩვენთვის მოკლე ხანში იქნება ის, რომ თითოეული ოჯახის ექიმი მართავს მასთან რეგისტრირებულ მოსახლეობას, თუკი მას გამოუვლინდა კოვიდი. თუ აქამდე მოსახლეობის გადანაწილება ხდებოდა ძირითად ონლაინ კლინიკებს შორის, ვინაიდან ახლა ყველა არის უკვე ჩართული, ყველა პირს, ვინც რეგისტრირებულია, ექნება საშუალება დაუკავშირდეს თავის ოჯახის ექიმს ან დაელოდოს მის ზარს. დღესაც არსებობს ეს მექანიზმი, თუ ზარი ყოვნდება 15 22 არსებობს იმისთვის, რომ ასეთ შემთხვევაში პაციენტს თავად ჰქონდეს ექიმთან დაკავშირების შესაძლებლობა. დღევანდელი მდგომარეობით, 102 ონლაინ კლინიკა და ასევე 15 22 -ის რესურსი საკმარისია, რომ ყველა – 87 609 აქტიურ შემთხვევას გაეწიოს მეთვალყურეობა, სამომავლოდ თუკი დადგება პრიორიტეტიზაციის აუცილებლობა, შეიძლება ოჯახის ექიმმა პრიორიტეტი მიანიჭოს 65 წელს ზევით მოსახლეობას”, – განაცხადა გაბუნიამ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები