ზელენსკიმ 24 რუსული კომპანიისა და 76 ფიზიკური პირის წინააღმდეგ სანქციები დააწესა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის კავშირის გადაწყვეტილება აამოქმედა, რომელიც 24 რუსული კომპანიისა და 76 ფიზიკური პირის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას ითვალისწინებს. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

როგორც გამოცემები წერენ, სიაში მოხვედრილი კომპანიების საქმიანობა ქერჩის სრუტეზე სატრანსპორტო გადასასვლელის უკანონო მშენებლობასა და ექსპლუატაციას, ასევე, ანექსირებული ყირიმსა და რუსეთს შორის სამგზავრო სარკინიგზო მიმოსვლის ორგანიზებას და ქალაქ სევასტოპოლის ტერიტორიაზე ეროვნული კულტურული მემკვიდრეობისთვის ზიანის მიყენებას უკავშირდება.

სანქციების სიაში შეყვანილ პირებს შორისაა ჩრდილოეთ კავკასიის ფედერალურ ოლქში რუსეთის პრეზიდენტის წარმომადგენელი იური ჩაიკა, რომელიც 2006-2020 წლებში რუსეთის გენპროკურორის თანამდებობას იკავებდა. სიაში ასევე არიან სახელმწიფო მოხელეები, რომლებიც ანექსირებული ყირიმის ძალოვან სტრუქტურებში მაღალ თანამდებობებს იკავებენ. სანქციები ასევე შეეხო 18 მოსამართლეს, რომელთა გადაწყვეტილებებიც უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ყირიმის ეპარქიის ქონების უკანონო მიტაცებას უწყობდა ხელს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები