ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი სერტიფიცირებულია

ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტმა აეროდრომის მიმართულებით რესერტიფიცირება წარმატებით გაიარა, – ამის შესახებ ინფორმაციას აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს.

მათივე ცნობით, საქართველოში მოქმედი ყველა საერთაშორისო თუ ადგილობრივი აეროპორტებებიდან ქუთაისის აეროპორტი არის პირველი, რომელმაც სერტიფიკატი მიიღო.

სამოქალაქო ავიაციის სააგენტო აეროპორტებისა და აეროდრომების განახლებული დადგენილების თანახმად, აეროპორტის ექსპლუატანტების სერტიფიცირებას 5 ეტაპად ახორციელებს. ყველა ეტაპი, ქუთაისის აეროპორტის ოპერატორმა კომპანია – საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ წარმატებით გაიარა.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორის, თამარ არჩუაძის განცხადებით, სამივე საერთაშორისო აეროპორტიდან, ქუთაისის აეროპორტი იყო პირველი, რომელმაც სააეროდრომო სახელმძღვანელოები და მასთან დაკავშირებული სხვა პროცედურები სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს სერტიფიცირების წესის შესაბამისობაში მოიყვანა.

,,მოხარულები ვართ, რომ წელს პოზიტიური ინფორმაციით ვიწყებთ. ქუთაისის აეროპორტმა რესერტიფიცირება წარმატებით გაიარა. ეს დოკუმენტი არის დასტური აეროპორტის ყველა ექსპლუატანტისთვის, რათა ოპერირება იყოს უსაფრთხო. სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს სასერტიფიკაციო კომისიამ შეამოწმა და ადგილზე შეაფასა ქუთაისის აეროპორტის ინფრასტრუქტურა, ტექნიკური საშუალებები და აღჭურვილობა. დარწმუნდა რა, რომ აეროპორტი შესაბამისობაშია საქართველოს კანონმდებლობითა და მათ მიერვე გაცემული წესით დადგენილ მოთხოვნებთან, ასევე ICAO-ს სტანდარტებთან. უნდა აღვნიშნო, რომ სულ ახლახანს, ფრენების უსაფრთხოების მიზნით, ჩვენ დავასრულეთ ქუთაისის აეროპორტის ასაფრენი ზოლისა და ბაქანის გეგმიური სარემონტო სამუშაოები, რაც აეროპორტის გამართული ოპერირების შემადგენელი ნაწილია“, – განაცხადა თამარ არჩუაძემ.

საქართელოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტისთვის მინიჭებული სერტიფიკატი უვადოა. ამ ეტაპზე სერტიფიცირების პროცესს საქართველოს აეროპორტების გაერთიანების მიერ ოპერირებადი ადგილობრივი აეროპორტები გადიან, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები