მიხეილ სარჯველაძე: მოსალოდნელი არ არის, რომ “ნაცმოძრაობის” დღის წესრიგში რაიმე თვისობრივი ცვლილება იქნება
“მოსალოდნელი არ არის, რომ “ნაციონალური მოძრაობის” დღის წესრიგში რაიმე თვისობრივი ცვლილება იქნება. ისინი კვლავ დესტრუქციული პოლიტიკის გატარებაზე იქნებიან ორიენტირებულნი”, – ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, მიხეილ სარჯველაძე “ნაციონალური მოძრაობის” სამდივნოში განხორციელებულ ცვლილებებს.
მისივე თქმით, მოსახლეობისთვის “ნაციონალური მოძრაობის” დესტრუქციული დღის წესრიგი მიუღებელია.
„ამ დრომდე ვნახეთ, რომ ძალიან დიდი მარცხი და წარუმატებლობები განიცადეს. ამის მიზეზია ის, რომ მოსახლეობისთვის მიუღებელია ის დესტრუქციული დღის წესრიგი, რასაც საზოგადოებას სთავაზობენ. შესაბამისად, საკუთარი წარუმატებლობის მიზეზი აქ უნდა ნახონ. უმჯობესია, ეს გააანალიზონ და ძალისხმევა ხალხის სამსახურს მოახმარონ და არა – დესტრუქციული ზრახვების განხორციელებას”, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
ცნობისთვის, “ნაციონალურმა მოძრაობამ” ახალი სამდივნო წარადგინა. პარტიას, ჯამურად, 12 სხვადასხვა მიმართულების მდივანი ეყოლება.