NYT: რუსეთმა შესაძლოა, უკრაინის საზღვართან ბირთვული იარაღი განათავსოს

კრემლი მიანიშნებს იმაზე, რომ შესაძლოა, უკრაინის მახლობლად ბირთვული იარაღი განათავსოს, – ნათქვამია The New York Times-ის მასალაში.

ჟურნალისტები პუტინის იმ განცხადებებებზე წერენ, რომელშიც ის „წითელ ხაზებზე“ საუბრობს და რომელთა გადაკვეთა, თითქოს, საფრთხეს უქმნის რუსეთის ეროვნულ უსაფრთხოებას; ასევე, წერენ აშშ-ის დაზვერვის მონაცემებზე რუსეთის მიერ ახალი ბირთვული იარაღის, მათ შორის, ჰიპერბგერითი რაკეტების განლაგების ალბათობის შესახებ.

როგორც პუბლიკაციაშია ნათქვამი, თავად კრემლის ხელმძღვანელს არ დაუმალავს ის ფაქტი, რომ ეცდება წყალქვეშა ბაზირების ჰიპერბგერითი რაკეტების განთავსებას ვაშინგტონის უშუალო სიახლოვეს.

პუტინი თითქოს წუხს, რომ შეერთებული შტატები უკრაინის ტერიტორიიდან რუსეთის ფედერაციას „დაარტყამს“.

“მან ნათლად აჩვენა, რომ რუსეთს იგივე შეეძლო“, – წერენ ჟურნალისტები.

თავის მხრივ, ჟენევაში რუსეთის მაღალჩინოსანმა განაცხადა, რომ მოსკოვი მზად არის, განათავსოს “გაურკვეველი” იარაღის სისტემები “საეჭვო” ადგილებში.

„რუსი ოფიციალური პირები ბოლო დღეებში კვლავ მიანიშნებენ ახალი რაკეტების განლაგების შესახებ და აშშ-ის ოფიციალური პირები კიდევ ერთხელ აცხადებენ, რომ ისინი ვერ ხედავენ რაიმე ნაბიჯს ამ მიმართულებით. თუმცა, ამერიკის ქალაქებთან ახლოს იარაღის განთავსების ნებისმიერი მცდელობა 1962 წლის მსგავს კრიზისს შექმნის, როდესაც მსოფლიო ყველაზე ახლოს იყო ბირთვულ ომთან“, – ნათქვამია სტატიაში.

შეერთებულ შტატებსა და ნატო-სთან „უსაფრთხოების გარანტიების“ შესახებ მოლაპარაკებების წარუმატებლობის შემდეგ, რუსეთმა უარი თქვა საზღვრიდან ჯარების გაყვანაზე. პუტინის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ რუსეთი “იძულებული გახდა”, დაეტოვებინა თავისი ჯარები უკრაინის მახლობლად, რადგან “ვერ შეეგუა ნატო-ს სიახლოვეს”.

გარდა ამისა, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაიწყო ევროკავშირის შანტაჟი უკრაინისთვის „მძიმე სცენარით“. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, სერგეი რიაბკოვი ამტკიცებდა, რომ პუტინს უკრაინის საკითხის „დასრულებას“ ურჩევდნენ. მან არ დააკონკრეტა „სცენარის“ დეტალები, რადგან, მისი თქმით, ამასაც შეუძლია სიტუაციის „დესტაბილიზაცია“ მოახდინოს.

The New York Times წერს, რომ თეთრმა სახლმა ჯერ კიდევ არ იცის, რას აპირებს პუტინი, მაგრამ რუსეთ-უკრაინის საზღვარზე არსებული კრიზისის დიპლომატიური გზით მოგვარების იმედი აქვს.

პუტინმა რუსული ჯარების მობილიზება უკრაინის საზღვრებთან 2021 წლის გაზაფხულზე დაიწყო, სიტუაცია 2021 წლის ნოემბერში დაიძაბა. დასავლური და უკრაინული დაზვერვა ადასტურებს კრემლის თავდასხმის გეგმებს. ახალი შემოჭრისთვის რუსეთს შეუძლია, გამოიყენოს მინიმუმ 100 ათასი ჯარისკაცი. და ეს შეიძლება უკვე ზამთარში მოხდეს.

ამავდროულად, პენტაგონში აღნიშნეს, რომ შეტევის დაწყებამდე რუსეთმა შესაძლოა, სცადოს სპეცოპერაციის ჩატარება აღმოსავლეთ უკრაინაში საკუთარი საოკუპაციო ძალების წინააღმდეგ, რომ ჯარების გაგზავნის მიზეზი ჰქონდეს, – ნათქვამია სტატიაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები