პროკურორი: ბრალდების მხარეს მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძისა და ავთანდილ წერეთლის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის მოლოდინი აქვს

ე.წ. ფულის გათეთრების საქმის პროკურორის, არჩილ ტყეშელაშვილის განცხადებით, ბრალდების მხარეს მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძისა და ავთანდილ წერეთლის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის მოლოდინი აქვს.

„დღეს დასრულდა სასამართლო განხილვა, ბრალდების მხარემ სასამართლო განხილვის პერიოდში წარმოვადგინეთ არაერთი უტყუარი და დამაჯერებელი მტკიცებულება, რომლითაც ბრალდებულების ბრალეულობა დასტურდება. შესაბამისად, ჩვენ ვფიქრობთ, ხვალ სასამართლო გამოიტანს ერთადერთ, სწორ და სამართლიან გადაწყვეტილებას გამამტყუნებელი განაჩენის სახით. არაერთი პირდაპირი მტკიცებულებაა წარმოდგენილი, მათ შორის, მოწმეთა ჩვენებები, ბანკის თანამშრომლის ჩვენებები, ასევე, ეროვნული ბანკის აუდიტის წარმომადგენლების ჩვენებები, შემოსავლების სამსახურის აუდიტის წარმომადგენლების ჩვენებები, საბანკო გადარიცხვები, დოკუმენტური მტკიცებულებები და ერთობლიობაში ყველა ეს მტკიცებულება უტყუარად ადასტურებს, რომ სახეზეა ჩადენილი დანაშაული”, – განაცხადა ტყეშელაშვილმა.

ცნობისთვის, მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს ბრალი წარედგინათ 2019 წლის 24 ივლისს ჯგუფურად 16 664 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება (დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით).

რაც შეხება ავთანდილ წერეთელს, პროკურატურა ბიზნესმენ ბადრი ჯაფარიძესა და მამუკა ხაზარაძისთვის უკანონო შემოსავლების ლეგალიზებაში დახმარებას ედავება.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები