თამარ გაბუნია: “ომიკრონის“ შემთხვევებიდან ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა ერთეულ მოქალაქეს, არცერთს არ დასჭირვებია ინტენსიური თერაპია ან რეანიმაცია
“ჯანდაცვის სექტორი დღეს 50%-იანი დატვირთვით მუშაობს”, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ ქვეყანაში არსებული ეპიდვითარების შეფასებისას განაცხადა.
მისივე თქმით, “ომიკრონის“ შემთხვევებიდან ჰოსპიტალიზაცია მხოლოდ ერთეულ მოქალაქეს დასჭირდა.
„დღევანდელი საკოორდინაციო საბჭოს მთავარი თემა იყო მზაობა “ომიკრონის“ შემთხვევების მოსალოდნელ მატებასთან დაკავშირებით. ჯანდაცვის სექტორი დღეს 50%-იანი დატვირთვით მუშაობს. ბოლო პერიოდში შემთხვევების კლება გვქონდა და ამან მოგვცა საწოლფონდის განტვირთვის შესაძლებლობა. 9 000-მდე საწოლია მობილიზებული. აქედან დატვირთულია 4431 საწოლი, 281 პაციენტი რჩება რეანიმაციულ განყოფილებაში და 1083 პაციენტი არის ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში. ეს შემთხვევები ძირითად “დელტა” შტამით არის გამოწვეული. “ომიკრონის“ შემთხვევებიდან ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა მხოლოდ ერთეულ მოქალაქეს. არცერთს არ დასჭირვებია ინტენსიური თერაპია ან რეანიმაცია და ძალიან მალე მოხდა მათი გაწერა ჰოსპიტლებიდან”, – განაცხადა გაბუნიამ.