დმიტრო კულება: რუსეთს არ აქვს უფლება, დაყოს ევროპა გავლენის სფეროებად, განსაზღვროს, როდის, როგორ და რა მიმართულებით გაფართოვდება ევროკავშირი

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას განცხადებით, რუსეთს არ აქვს უფლება, ევროპა თავისის სურვილების მიხედვით დაყოს. შესაბამისი განცხადება მან ლუგანსკის რეგიონში საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელ ჟოზეფ ბორელთან ერთად ვიზიტის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

დმიტრო კულებას თქმით, ევროკავშირი უკრაინის გვერდით დგას რუსეთის აგრესიული პოლიტიკის ფონზე.

„ეს არა მარტო ჩვეულებრივი დიპლომატიური ვიზიტი, არამედ ისტორიული მომენტია, რადგან ჟოზეფ ბორელი საგარეო საკითხებში ევროკავშირის პირველი უმაღლესი წარმომადგენელია, რომელმაც რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის ზონა მოინახულა. ამ ვიზიტის უმთავრესი მიზეზი უსაფრთხოებაა და დღეს ბატონმა ბორელმა თავისი თვალით ნახა და შეიგრძნო ამ ომის შედეგები, ის ქმედებები, რომლებიც უკრაინამ გასწია საკონტაქტო ხაზის ორივე მხარეს მცხოვრები ხალხის ცხოვრების გასაადვილებლად.

ევროკავშირი უკრაინის გვერდით დგას რუსეთის აგრესიული პოლიტიკის ფონზე და ჩვენ ვსაუბრობთ არა მარტო დიპლომატიურ, არამედ – პრაქტიკულ გამოსავალზე. ევროკავშირმა უკრაინის შეიარღებული ძალების შესაძლებლობების ზრდისთვის 31 მილიონი ევრო გამოყო. ეს დახმარება უკრაინას თავდაცვის შესაძლებლობების განვითარებაში დაეხმარება და, ამასთან, უკრაინა რჩება დიპლომატიის, მინსკის შეთანხმებებისა და ამ კონფლიქტის მშვიდობიანი გზებით მოგვარების ერთგული.

ევროკავშირისა და უკრაინის წინაშე დგას ერთადერთი ამოცანა, მოახდინონ სიტუაციის დეესკალაცია დიპლომატიური ზომების მიღებით და აიძულონ მოსკოვი, შეამციროს დაძაბულობა. ჩვენ ერთობლივად ვმუშაობთ რუსეთის შეკავებაზე და ამის ერთ-ერთი ელემენტი რუსეთის წინააღმდეგ მკაცრი სანქციების დაწესებაა. კიდევ ერთი ელემენტი, რომელსაც მინდა, ხაზი გავუსვა, არის ის, რომ ევროკავშირი და უკრაინა დგანან ერთ აზრზე, რომ რუსეთს არ აქვს უფლება, დაყოს ევროპა გავლენის სფეროებად, არ აქვს უფლება, განსაზღვროს როდის, როგორ და რა მიმართულებით მოხდება ევროკავშირის გაფართოება, რა სახის ურთიერთობები ექნებათ ევროკავშირს და უკრაინას. ეს არის მხოლოდ კიევისა და ბრიუსელის ექსკლუზიური უფლება“, – განაცხადა დმიტრო კულებამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები