„ვარსკვლავთა ჩრდილში მაღალთა თანა“ – ჯემალ აჯიაშვილის გარდაცვალების დღე

5 იანვარს მწერალი და მთარგმნელი ჯემალ აჯიაშვილი გარდაიცვალა. ამის შესახებ სოციალურ ქსელში პუბლიცისტი ისაკ (ირაკლი) კრიხელი წერს.

„ცხრა წელიწადი გამოხდა ჯემალ აჯიაშვილის გარდაცვალებიდან. 2013 წლის 5 იანვარის დილას გავრცელდა ეს სამწუხარო ამბავი… კინოკადრებივით გაირბინა მასთან შეხვედრებმა თბილისში თუ ნიუ- იორკში… ჩემი ბიბლიოთეკის წინ შევდექი ჩაფიქრებული და, ვინ იცის, მერამდენედ გადმოვიღე თაროდან მისი ისტორიული ესსე „გამოიღვიძე ქნარო“ – ორი ერის გულითადი სიყვარულით დაწერილი შესანიშნავი ნაწარმოები. თვალწინ დამიდგა თბილისის „ერთი მსახიობის თეატრში“ ნანახი სპექტაკლი, ცნობილი მსახიობის და სპორტული კომენტატორის კოტე მახარაძის მიერ მაღალპროფესიონალურად, უაღრესად დახვეწილი არტისტული გემოვნებით წარმოდგენილი პიესა-მონოლოგი;
საქართველოს ტელევიზიის ერთსაათიანი გადაცემა „შუა საუკუნეების ებრაული პოეზია”…
„ნიუ-იორკ ტაიმსი“, 1979 წლის 12 დეკემბერი:
„…ტელეკამერას ნელ-ნელა გადავყავდით ძველ იერუსალიმში, ერთმანეთს ენაცვლებოდა მარადიული ქალაქის ბიბლიური ხედები, ფერდობზე შეფენილი ციხე-გალავნები. შთაბეჭდილებას კიდევ უფრო აძლიერებდა ძველი ტაძრის ნანგრევები და მარკ შაგალის მიერ მოხატული ვიტრაჟები… კანტორის გალობა ერწყმოდა გოდების კედლის გამოსახულებას და ყოველივე ამის ფონზე მსახიობი ქალი ამაღელვებლად კითხულობდა XI საუკუნის ესპანეთში მცხოვრები ებრაელი პოეტის – იეჰუდა ჰალევის ლექსებს“…
შემდეგ – რუსთაველის თეატრი. გარინდებული აუდიტორია. მსმენელ-მაყურებელთა გაოცებული, გაოგნებული სახეები… სცენაზე მარტოდ იდგა ბატონი ჯემალი და ზღაპრულად ლამაზ, ზეშთაგონებულ, უხსოვარი დროიდან გამოხმობილ ქართული სიტყვის ჩუქურთმებს გვაბერტავდა, ბევრს – თითქოს უცნობს, მაგრამ რაღაცნაირად ძალზე ახლობლურს, სულშიჩამწვდომს… დინჯად, შთამბეჭდავად კითხულობდა შემუელ ჰანაგიდის, შელომო იბნ გებიროლის, მოშე იბნ ეზრას, იეჰუდა ჰალევის, აბრაჰამ იბნ ეზრას, იეჰუდა ალხარიზის, იმანუელ რომაელის – შუა საუკუნეების ებრაელი პოეტების ბრწყინვალე შედევრებს… უჩვეულო სიამოვნების ჟრუანტელი, ზეგარდმო ჰარმონიული სულიერება ავსებდა დარბაზს…
ოვაცია… ბრავო!… ათასი „გმადლობთ!“… სიყვარული… პატივისცემა… აღიარება…
არ ყოფილა შემთხვევა, ამერიკაში ჩამოსულიყო და, ჩვენი თემის სალოცავის თავკაცთა და შემოქმედებითი გაერთიანება „თარბუთის“ წევრთა თხოვნით, არ შეხვედროდა მშობლიურ ჯამაათს. საუბრობდა სადად, ბუნებრივად, შინაურულად და მისთვის ჩვეული მოკრძალებული ენამზეობით გადმოგვცემდა ებრაელთა ისტორიის ჟამუხსოვარ ამბებს…
„შროშანი ღელეთა“, „შუა საუკუნეების ებრაული პოეზია“, „ვარსკვლავთა ჩრდილში მაღალთა თანა“, „სონეტები“ ჩემთვის (და, უთუოდ, მრავალი მკითხველისთვისაც) სამაგიდო წიგნებად იქცა…
გმადლობთ, ბატონო ჯემალ, უმაღლესი, გონებისმიღმიერი, იდუმალებით აღსავსე სამყაროს ამ ცისქვეშეთში დავანებისთვის“…

ისაკ (ირაკლი) კრიხელი
ნახატი – მიხეილ ხუნდიაშვილის

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები