„ეს პირველი ახალი წელია, რომელსაც შატილში შევხვდები“ – სამკაულების დიზაინერი, ვან – გოგი და ხიბლი მთისა, სამომავლო პერსპექტივებით

ხელოვნება ბავშვობიდან უყვარდა, მამა და მამის ბიძა მხატვრები იყვნენ და უყვარდა, როცა მამას ესკიზებზე მუშაობის დროს უყურებდა. შემდეგ სახელმწიფო სამხატვრო აკადემია დაამთავრა და ასე აისრულა ბავშვობის პირველი ოცნება, აკადემიის დასრულების შემდეგ კი ხევსურეთში მასწავლებლად დაიწყო მუშაობა და მეორე ოცნებაც რეალობად იქცა.
ამბობს, რომ  შატილში მხოლოდ ესკიზების შექმნა შეძლია, სახელოსნოს დიდი თანხები სჭირდება და აქამდე ვერ მოახერხა, თუმცა იმედიანად ხვდება ახალ წელს და ეპატიჟებსოფელში დარჩენილ მოსახლეობას, რომ ყველამ ერთად გაატაროს „ძალიან ფერადი და მხიარული“ ახალი წელი. – სამკაულების დიზაინერის, მარგარეტ დაიაურის პერსონა.

 

– დავიბადე იმ ოჯახში, სადაც მამას სამხატვრო, დედას კი სამედიცინო განათლება ჰქონდა. ბავშვობიდან მხიბლავდა მამაჩემის საქმიანობა, ძალიან საინტერესო იყო ჩემთვის იმის ყურება, თუ როგორ ქმნიდა ჯერ ესკიზებს, შემდეგ კი – ორიგინალ ნამუშევრებს, რაღაცნაირი ჯადოსნური მომენტი იყო, ცარიელ, ქათქათა ფურცლებზე, ერთი ხელის მოსმით, გენიალური ესკიზები რომ ჩნდებოდნენ. ყოველთვის თავისი გამორჩეული სტილი ჰქონდა.
ვერ დავითვლი, ბაღის ასაკიდან მოყოლებული, რამდენჯერ მივსულვარ მასთან, თან ესკიზებზე მუშაობის მომენტში გამიჩერებია (რაც დიდი „დანაშაულია“ ხელოვანისადმი) და მითხოვია, ჩემთვისაც ესწავლებინა  ხატვა ისე, როგორც თავად შეეძლო, მაგრამ ყოველთვის უარით მიშვებდა და მეუბნებოდა, რომ თუ გინდა რომელიმე სფეროში წარმატებული იყო, თავად უნდა ისწავლო, იშრომო და საკუთარი ძალებით მიაღწიო იმ მიზანს, რომელსაც დაისახავო.
საერთოდ, მშობლები ბავშვობიდან დამოუკიდებლობისთვის მამზადებდნენ და ყოველთვის მასწავლიდნენ, რომ მაქსიმალურად ინდივიდუალური ვყოფილიყავი, მესწავლა და მეფიქრა ძალიან ბევრი, რომ ყველაფერში საკუთარი აზრი/ხმა მქონოდა და მასას არასდროს დავმსგავსებოდი.
სახელმწიფო სამხატვრო აკადემია. სტუდენტობის წლები…  რა იყო საინტერესო? მაშინ თუ იფიქრებდით, რომ ხევსურეთში დაიწყებდით მუშაობას?
– საუკეთესო სტუდენტობის წლები მქონდა, მიუხედავად იმისა, რომ ჯერ ბიზნეს-ადმინისტრირებას ვსწავლობდი და შემდეგ სამხატვრო აკადემიაში ჩავაბარე, ორივე პერიოდი გამორჩეული და ძალიან საინტერესო იყო. არაჩვეულებრივი ადამიანები გავიცანი, რომლებთანაც დღემდე გამორჩეული ურთიერთობა მაქვს. აკადემიაში ჩაბარება, ბავშვობის პირველი ოცნება იყო, იქ მისვლა და დათვალიერებაც ერთი დიდი შთაბეჭდილება, ყველაფერი ისეთი მხატვრული და საინტერესო დამხვდა, არცერთ სხვა უნივერსიტეტს რომ არ ჰგავდა.
ხოლო ხევსურეთში მასწავლებლად მუშაობა, ჩემი მეორე ოცნება იყო და, საბედნიეროდ, ორივე ავიხდინე.
სამკაულების დიზაინერი ხართ, თქვენი სადიპლომო ხევსურული სამოსის გაფორმება იყო…  გვიამბეთ დაწვრილებით სადიპლომო შრომაზე, როგორ მუშაობდით?
– ჩემი სადიპლომო ნამუშევარი, თანამედრო ხევსურული სამოსი და ხევსურული მოტივებით შექმნილი დიადემა იყო, რომლის შექმნის იდეაც, ხევსურეთისადმი ჩემმა დიდმა სიყვარულმა განაპირობა. საკმაოდ რთული და შრომატევადი იყო, მით უმეტეს, ძალიან მოკლე დროში უნდა მომესწრო ორივე, ამიტომ ჩემი საუკეთესო მეგობარი და ჯგუფელი, მარიამ კობეშავიძე და არაჩვეულებრივი ლექტორი ალეკო ცანავა დამეხმარნენ, აკადემიის სახელოსნოში ღამეებს ათენებდნენ, ლექტორს კარავიც კი ჰქონდა წამოღებული ეზოში გასაშლელად, რომ სახლში წასვლა-წამოსვლაში დრო არ დაკარგვოდა და, შესვენებისას, რამდენიმე წუთით დაეძინა, მე ამაზე დიდი თანადგომა არ ვიცი და ამიტომ, მთელი ცხოვრება მათი მადლიერი ვიქნები.
ამზადებთ სამკაულის, აქსესუარების, დეკორატიული ნივთების ესკიზებს… ალბათ სამკაულებსაც… 
– სამწუხაროდ, შატილში, მხოლოდ ესკიზების შექმნა შემიძლია, სახელოსნოს გაკეთებას დიდი თანხები სჭირდება და აქამდე ვერ მოვახერხე, თუმცა იმედი მაქვს, მომავალში ამ ოცნებასაც ავიხდენ.
ხატავთ, მამაც და მამის ბიძაც მხატვრები არიან… როგორ ახერხებთ შემოქმედებით მუშაობას? რა დახატეთ, რაც შატილში ცხოვრობთ?  შთაგონება უფრო გამძაფრდა თუ პირიქით?
– როგორი უცნაურიც უნდა იყოს, ხევსურეთში ჩამოსვლამდე ბევრად პროდუქტიული ვიყავი ხელოვნების სფეროებში, ვიდრე აქ ცხოვრებისას, მიუხედავად იმისა, რომ იდეები სულ მაქვს ხელოვნების სხვადასხვა სფეროში, მთაში ისეთი ცხოვრებაა, თავისუფალი დრო დიდად არ გრჩება, სულ რაღაც საქმეა, თუმცა სანამ სახელოსნო არ მექნება, ბევრი ესკიზის განხორციელების შესაძლებლობა მაინც ვერ მექნება.
ვან გოგი და მზე გამორჩეულად გიყვართ… რატომ? როგორც ვიცი, სამკაულები ვან გოგის ნახატებით გააფორმეთ…
– ვინსენტ ვან გოგზე შეყვარებული ვარ მას შემდეგ, რაც VIII კლასში მის ცხოვრებაზე წიგნები წავიკითხე, გულისამაჩუყებელი იყო მისი ცხოვრება, წარმოუდგენლად კეთილი და ზედმეტად სევდიანი. არავის ჰგავდა, ისევე როგორც მისი ყვითელი და ლურჯი ფერი. ვინსენტის ცხოვრება, ერთი დიდი სევდა იყო, რომელიც, სამწუხაროდ, თავად დაამთავრა. სულ ვფიქრობდი, ცოცხალი რომ ყოფილიყო და ერთ ეპოქაში გვეცხოვრა, საუკეთესო მეგობრები ვიქნებოდით – მეთქი. ამიტომ, გადავწყვიტე, მისდამი სიყვარული გამომეხატა სამკაულით, რომელიც საკუთარი თავისა და მისთვის შევქმენი, რომელმაც, შემდეგ დიდი პოპულარობა მოიპოვა მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში.
როგორც მხატვარი, ამჟამად რაზე მუშაობთ?
– როცა დრო და განწყობა მაქვს, პორტრეტებს ან ავტოპორტრეტებს ვხატავ.
ჰობი…
– ბევრი ჰობი მაქვს, ხელოვნების სფეროში – მით უმეტეს, მაგრამ ბავშვობიდან გამორჩეულად  ცეკვა მიყვარდა, დედაჩემმა მეუბნებოდა, რომ ჯერ ცეკვა დაიწყე და შემდეგ – სიარულიო. თავისუფალ დროს სულ ვცეკვავდი, ამიტომ ბაღის ასაკიდან შემიყვანეს ქართულზე და შემდეგ hip-hop-ი ვისწავლე ჩემით, სულ მინდოდა პროფესიონალი მოცეკვავე გავმხდარიყავი ორივე მიმართულებით, ქორეოგრაფები ყოველთვის მეუბნებოდნენ, რომ თუ ამ სფეროს გავყვებოდი, დიდი მომავალი მექნებოდა, მაგრამ ჯერჯერობით ისევ ჰობად მაქვს.
რამდენიმე თვის წინ დაქორწინდით… ზამთარში მთაში ოჯახის ცხოვრება იოლი არ არის.  არც თქვენი და არც მეუღლის პროექტი არ დაფინანსდა, რომ ხევსურეთში რამე კულტურული კერა გაიხსნას, რაც ტურისტებს მიიზიდავდა.  მთაზე ამდენს ლაპარაკობენ და საქმე კი ეტყობა, განზე რჩება… არადა ახალგაზრდების მიზიდვა აუცილებელია მთაში…
– დიახ, სამწუხაროდ,  ჩვენი არცერთი პროექტი არ დააფინანსეს, მაგრამ კაფე მაინც გავხსენით ჩვენი რესურსით და მომავალში, იმედი მაქვს, სახელოსნოს და ძალიან საინტერესო საგამოფენო სივრცესაც გავაკეთებ, რომელიც ყველა დამსვენებლისთვის, გამორჩეული და ყველაზე დასამახსოვრებელი იქნება.
როგორ ცხოვრობს თქვენი ოჯახი შატილში და რა გეგმები გაქვთ? აპირებთ ხანგრძლივად მანდ დარჩენას?
ამ ეტაპზე, ხევსურეთის დატოვება და აქედან გადასვლა, არცერთის სამომავლო პერპექტივა არაა, ამიტომ ვფიქრობ, კიდევ დიდხანს ვიცხოვრებთ შატილში. მაინც ძალიან დიდი ხიბლი აქვს მთას, მიუხედავად,  ყველა პრობლემისა და სირთულისა და რთული ცხოვრების სტილისა…
ახალი წელი მოდის, როგორი განწყობით ხვდებით  და როგორი იქნება შატილში თქვენი ახალი წელი?
– ეს პირველი ახალი წელია, რომელსაც შატილში შევხვდები და ძალიან მიხარია. მიუხედავად იმისა, რომ ხევსურები ძველით ახალ წელს აღნიშნავენ, ჩვენ, მაინც 31-თვის ვემზადებით და ვეპატიჟებით სოფელში დარჩენილ მოსახლეობას, რომ ყველამ ერთად გავატაროთ ძალიან ფერადი და მხიარული ახალი წელი.

თამარ შაიშმელაშვილი

 

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები