სომხეთმა თურქულ საქონელზე შესაძლოა, ემბარგო მოხსნას
სომხეთის ხელისუფლებამ შესაძლოა, დღეს მიიღოს საბოლოო გადაწყვეტილება თურქულ საქონელზე ემბარგოს გახანგრძლივებასთან ან გაუქმებასთან დაკავშირებით.
ამის შესახებ სომხეთის ეკონომიკის მინისტრმა, ვაჰან კერობიანმა განაცხადა.
კერობიანმა გაიხსენა, რომ თურქულ საქონელზე ემბარგოს დაწესების გადაწყვეტილება 2020 წლის ოქტომბერში პოლიტიკური მიზეზების გამო იქნა მიღებული.
მინისტრი მიიჩნევს, რომ აკრძალვის მოხსნის გადაწყვეტილებასაც ასევე პოლიტიკით იქნება განპირობებული.
„პოლიტიკური თვალსაზრისით, პროცესები დადებითი სცენარით მიმდინარეობს. ამ თვალსაზრისით, აკრძალვის გაგრძელების დასაბუთება სუსტდება“, – განმარტა მან.
ამასთან, კერობიანმა აღნიშნა, რომ თურქული ლირა დოლართან მიმართებით დაეცა, შესაბამისად, თურქული საქონელიც გაიაფდა, რამაც გაზარდა რისკები სომეხი მწარმოებლებისთვის.
„ხელისუფლებაში კონსენსუსი არ არსებობს, მაგრამ ვინაიდან მოლაპარაკებების პროცესში ჩართულ ადამიანებს უკეთ ესმით საერთო სურათი, საბოლოო გადაწყვეტილება დღეს კონსულტაციების შედეგად მიიღება“, – განაცხადა მან.
კერობიანის თქმით, წლის განმავლობაში სამინისტრომ შეისწავლა ამ აკრძალვის გავლენა სომხეთის ეკონომიკაზე და დაფიქსირდა როგორც ძალიან დადებითი, ასევე, უკიდურესად უარყოფითი ეფექტები.
ნეგატიურ გავლენებს შორის, მან აღნიშნა ემბარგოს გავლენა ინფლაციაზე.